გიგი წერეთელი - ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაკვეთილი შემდეგი პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, თუმცა ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაკვეთილი შემდეგი პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გუშინ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ეს უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი გამოსვლა მოსახლეობისთვის და ასევე მას აკვირდებოდნენ საქართველოს გარეთ როგორც ჩვენი მეგობრები, ასევე არაკეთილმოსურნეები.

„ჩემი, როგორც მოქალაქის და პოლიტიკოსის სურვილი იყო, რომ ამ ყველაფერს ღირსეულად ჩაევლო და არ ყოფილიყო დამაზიანებელი ქვეყნის იმიჯისთვის. მართალია, პრეზიდენტის მოკლე გამოსვლაში გაკეთდა აქცენტები მნიშვნელოვან პრობლემებზე, თუმცა მას შეეძლო უფრო ფართოდ ესაუბრია ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც მტკივნეულია საზოგადოებისთვის. სწორედ ამ დებატებზე უნდა გახმოვანებულიყო მისი მოსაზრებები და ხედვა სამომავლოდ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც სიღარიბეს, სოციალურ დაცვას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ან ქვეყნის ოკუპაციისა და საგარეო პოლიტიკის გამოწვევებს. თუნდაც NDI-ის ბოლო კვლევების მიხედვით გაზრდილ კრიმინალს და კორუფციას.

ამ ყველაფრის ნაცვლად, საზოგადოებამ დაინახა არასასურველი და სრულიად უსარგებლო დაპირისპირება მმართველ ძალასა და პრეზიდენტს შორის. ნამდვილად შესაძლებელი იყო რეგლამენტის მიხედვითაც პარლამენტის სხდომას გადაეწყვიტა ფორმატის მცირე ცვლილება და შემდგარიყო დებატები, რისი პრეცედენტები ადრეც ყოფილა. ჩვენი მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ დასვა აღნიშნული საკითხი, თუმცა უმრავლესობამ კვლავ არჩია ძალის დემონსტრირება და დაპირისპირების გაგრძელება. განცხადებები, რომ პრეზიდენტი დებატებს გაექცა, ვფიქრობ, არ არის მართებული და უმრავლესობამ საკუთარ თავს უნდა უსაყვედუროს, რომ პროცესი სათანადოდ არ შედგა. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, თუმცა ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაკვეთილი შემდეგი პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის’’, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა