ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სდსს-ს მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დაცვის მხარემ აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორის დაკითხვა დაიწყო. მან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული 9 მილიონ ლარამდე ხარჯი არამიზნობრივ ხარჯად შეაფასა. დაცვის მხარის კითხვები ძირითადად იმ განკარგულებების კანონიერებას ეხებოდა, რომლითაც სდსს-ს თანხა გამოეყოფოდა. როგორც საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა დღევანდელი პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარის მიერ მთავარი აუდიტორისთვის დასმული კითხვები არარელევანტური იყო და საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურებოდა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა დასაბუთებულია, ხოლო პრეზიდენტის დავალებით, სდსს-ს მიერ 9 მილიონი ლარის ხარჯვა არამიზნობრივია. დაცვის მხარემ დასვა კითხვები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცდებოდა ანგარიშის ფარგლებს, არ იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე რელევანტური, რის გამოც ბრალდების მხარე ხშირად აპროტესტებდა ამ კითხვებს და სასამართლოს მიერაც კმაყოფილდებოდა ეს პროტესტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კითხვები ემსახურება პროცესის გაჭიანურებას. დაცვის მხარის კითხვები მიმართული იყო არა ფაქტებისკენ, არამედ რაღაც ვარაუდებისკენ", - განაცხადა გიორგი მუჯირმა.