14-18 მაისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი” 2017-2018 -ის ფარგლებში, “ეტალონი-თბილისი“ გაიმართება.
ორგანიზატორთა ცნობით, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გადასულ 813 მოსწავლეს შორის თბილისის 10 “ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება, რომლებიც ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში სხვა მუნიციპალიტეტების “ეტალონ მოსწავლეებთან“ ერთად 2017-2018 სასწავლო წლის “საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის იბრძოლებენ.
“მიხარია, რომ საქართველოს ამდენ ეტალონს ვხედავ. მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი მოსწავლე გვყავს, რომლებზეც სხვა ბავშვებმა უნდა გააკეთონ სწორება ცოდნითა და მონდომებით. ვამაყობ, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. ცოდნა ეტალონია, ბედნიერების უფლება ყველას აქვს და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის ცოდნა და ცოდნით მიღწეული წარმატება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
კონკურსის პირველი ეტაპი თბილისის 170 საჯარო და 7 კერძო სკოლაში ჩატარდა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი“ 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმოჩენა-წახალისება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების უფრო მეტად მოტივირება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია ლიტვის საელჩო საქართველოში.