გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, გზების მშენებლობა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე სოფელ ჯანდარაში სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტების პროცესი მიმდინარეობს. გზის საფარის მშენებლობა ხორციელდება სოფელ ვახტანგისშიც, სადაც 2.600 მეტრი სიგრძის შიდა გზა მოეწყობა. სოფელ ნაზარლოსა და ქესალოში კი ამ ეტაპზე შიდა გზებზე, ასფალტის საფარის დაგებამდე, ქვედა ფენის (გრუნტის) მოწყობა ხორციელდება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 356.903 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „სკინჩის“ ტექნიკური ჯგუფი აწარმოებს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 70 კალენდარული დღე აქვს.
ობიექტზე კონტროლ-ინსპექტირებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „ოპტიმალგრუპ +“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაობის მიმდინარეობის პროცესს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილე დავით ჭანტურია და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ონიანი ადგილზე გაეცნენ.