საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის დაკომპლექტების წესი იცვლება. ამასთან, კომისიის საქმიანობის წესი თავად კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით განისაზღვრება.
“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კომისია ექვსი წევრისგან შედგება, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე დანიშნავს. პროექტის გათვალისწინებით, კომისიის ორი წევრი, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, სააგენტოს თანამშრომლებისგან დაინიშნება, ორი წევრი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ორი წევრი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისგან, ამ უწყებების წარდგინებით.
ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი კომისიის წევრი აღარ იქნება.
“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.