თამარ ჩუგოშვილმა და ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) აღმასრულებელმა დირექტორმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) აღმასრულებელ დირექტორს, სიმონე ფილიპინის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის საქართველოში მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ მომდევნო წლებში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის განსაკუთრებულ აქცენტს ადგილობრივ თვითმმართველობებზე გააკეთებს.

„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წლებია საქართველოში მუშაობს როგორც პარტიების გაძლიერებაზე, ასევე ახალგაზრდა ლიდერების განვითარებაზე. ამ ორგანიზაციას ძალიან დიდი წვლილი აქვს საქართველოში დემოკრატიის და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. ისინი გეგმავენ მომავალი წლების განმავლობაში გააგრძელონ ჩვენს ქვეყენაში საქმიანობა და აინტერესებდათ, რა იქნებოდა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროები. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებთან მუშაობის გაძლიერება მათი მხრიდან, როგორც დონორი ორგანიზაციის მხრიდან, ძალიან საინტერესო იქნებოდა, ვინაიდან პირდაპირი შეხება მოსახლეობასთან ყველაზე მეტად სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ და შესაბამისად, იქ კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ბევრად უფრო მეტად არსებობს. პრინციპში შევთანხმდით, რომ მომავალი წლების განმავლობაში სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობაზე ბევრად მეტ ყურადღებას გაამახვილებს ეს ორგანიზაცია თავი საქმიანობაში, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს თვითმმართველობებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.