რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს - დღეს იგრძნობა, რომ ფაქტობრივად თქვენი ზედამხედველი არის მთავრობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო საყვედურობს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს ჰკითხა, - „რატომ აანონსებს ეროვნული ბანკის გასაკეთებელს ფინანსთა მინისტრი წინასწარ?“.

რომან გოცირიძის განცხადებით, მამუკა ბახტაძის ბოლოდროინდელი განცხადებები გავლენას ახდენს საფინანსო ბაზარზე და ნდობას უკარგავს მთლიანად ფინანსურ ინსტიტუტებს.

„როგორ აფასებთ ფინანსთა მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც არის აბსოლუტურად პოპულისტური და არაკომპეტენტური. ის იჭრება სხვის ბოსტანში, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ეს არის თქვენი ბოსტანი. ეროვნული ბანკის გასაკეთებელს აცხადებს და აანონსებს წინასწარ. იგივე თუნდაც, რაღაც კრედიტებზე, სესხის ზღვრის აწევის თუ დაწევის შესახებ, ლომბარდებთან დაკავშირებით. ის, რომ თურმე ავტომობილის დალომბარდება აიკრძალება. ის, რომ კომერციული ბანკების მარეგულირებელი რაღაც ნორმები შემოდის და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში ვიხილავთ ამას. და საერთოდ, რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ ფინანსთა მინისტრთან? რატომ აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელსაც არ აკეთებთ თქვენ? თუ თქვენ შემდეგ ასე ვთქვათ, ჩაყვებით ხოლმე და იტყვით, რომ ეს წინასწარ იყო შეთანხმებული?

აბსოლუტურად, არასერიოზული განცხადებებით გამოდის ფინანსთა მინისტრი და ეს ახდენს გავლენას საფინანსო ბაზარზე და ნდობას უკარგავს მთლიანად ფინანსურ ინსტიტუტებს. მე არ ვიცი მას რა მოტივი ამოძრავებს, რაღაც პიარს ეწევა გაუგებარს, მაგრამ ფაქტია, რომ ამით მთლიანად ზარალდება როგორც ეროვნული ბანკი, ასევე ქვეყნის ფინანსური სისტემას. თანაც ეს წააგავს იმ მდგომარეობას, როდესაც ეროვნული ბანკის საქმიანობაში ერეოდა მთავრობა, პარლამენტი, ზედამხედველობის გამოყოფის საკითხებთან დაკავშირებით. და დღეს იგრძნობა, რომ ფაქტობრივად თქვენი ზედამხედველი არის მთავრობა და უნდათ, რომ მოგაქციონ მთავრობის დამატებით დეპარტამენტად თუ ზედმეტ მეხუთე ბორბლად“, - მიმართა რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა