მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაში „2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძის თქმით, მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში საქართველომ პრიორიტეტად დაისახა თითოეულ მოქალაქეზე ფოკუსირებული პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს წამყვანი ადგილი უკავია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია გაერო-ს წევრებს შორის, რომელმაც მოახდინა მიზნების ნაციონალიზაცია და იგი ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებს დაუკავშირა. მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში საქართველომ პრიორიტეტად დაისახა თითოეულ მოქალაქეზე ფოკუსირებული პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, მდგრადი განვითარების მიზნები პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან, რაც საქართველოს მთავრობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთავრობის წარმატებები აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ევროკავშირის მიერ საქართველო სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად შერჩეული იქნა ინიციატივის - „Good Human Rights Stories“ ფარგლებში, სადაც საქართველომ გატარებული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ცოდნა უნდა გაუზიაროს პარტნიორებს“ , - აღნიშნა მან.

ჯანელიძის განცხადებით, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს თვისობრივ ცვლილებებს ქვეყნის განვითარებაში, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ამაღლებას.

მან ყურადღება გაამახვილა გლობალური მასშტაბით საქართველოს ჩართულობაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში.

„მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებაა, რომ 2017 წელს ჩვენი ქვეყანა გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე. საქართველოს, როგორც თავმჯდომარის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ინიციატივის წევრ ქვეყნებში მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხელშეწყობაა. უპირველეს ყოვლისა, ფოკუსი კეთდება მე-16 მიზანზე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წელს, 17-19 ივნისს, საქართველო, ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს თბილისში“, - განაცხადა მინისტრმა.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები არ არის ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც იზოლაციაში მყოფნი გამიჯნულები არიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისაგან. დღეისთვის, 21-ე საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და თავისუფლებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, წამებასა და მკვლელობას“, - აღნიშნა ჯანელიძემ, რომლის განცხადებითაც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა სწორედ იმას ემსახურება, რომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებით მიღწეული კეთილდღეობა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს