ქეთევან ციხელაშვილი - მტკიცედ მჯერა, რომ მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში მსოფლიოში მეტ მშვიდობას ნიშნავს

მტკიცედ მჯერა, მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში, მეტი ქალი პოლიტიკაში - ეფექტიან პოლიტიკას, მეტი ქალი ეკონომიკაში - მეტ განვითარებას და მზად ვარ, ეს თეზისი გავიმეორო ცხოვრების და საქმიანობის ყველა სფეროში, - ამ სიტყვებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა,

ქეთევან ციხელაშვილმა ისრაელში, ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. განსაკუთრებით ქართველებსა და ებრაელ ხალხს შორის გამორჩეული ურთიერთობების ფონზე, რომელიც 26 საუკუნეს ითვლის, მას შემდეგ, რაც პირველი ებრაული თემის წარმომადგენლები საქართველოში დასახლდნენ. ეს არის მშვიდობიანი და მჭიდრო მეგობრობის, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ისტორია. ამ უნიკალური და სამაგალითო ხასიათის გამო, სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ- ებრაულ მეგობრობას ოფიციალურად არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა," - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 1918 წელს არჩეულ პირველ პარლამენტში ქართველებთან ერთად, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, მათ შორის ებრაელებიც იყვნენ.

ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ქალების ჩართულობის სტატისტიკა გააცნო საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქალების განსაკუთრებულ როლზე მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

"დღეს საქართველოს შუაგული 100 კილომეტრის მავთულხლართით და ხელოვნური ბარიერებით არის გარშემორტყმული, რაც ამ რეგიონს დანარჩენი ქვეყნისგან და მსოფლიოსგან აშორებს. ბარიერების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის ეს ყოველდღიური უმძიმესი გამოწვევაა და ამდენად, ჩვენი მიზანია ვიაროთ წინ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანმიმდევრული, ადამიანებზე ორიენტირებული და პრინციპული პოლიტიკით, სადაც ქალების როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევებში, სწორედ ქალები არიან კონფლიქტის მსხვერპლნიც და პოსტ-კონფლიქტური მდგომარეობის ცვლილების ხელშემწყობნიც,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 60-ზე მეტი ლიდერი ქალი მთელი მსოფლიოდან ესწრება, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის - მაშავის ორგანიზებით 28-30 მაისს ისრაელის ქალაქებში, ჰაიფასა და იერუსალიმში ტარდება.

წლევანდელი, 30-ე კონფერენციის თემაა „ლიდერი ქალები ქმნიან განსხვავებას“ და ის ისრაელის სახელმწიფოს მდგრადი განვითარების 60 წლისთავს ეძღვნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა