დღეს, წიგნს სახლ „ლიგამუსში“ პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ღონისძიებას საპატიო სტუმარი, ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გახსნის.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნის ავტორი ისაუბრებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე, პირველ მოდერნულ ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ სოციალ-დემოკრატიის ისტორიაზე. პრეზენტაციის შემდეგ პროფესორ სტივენ ჯონსის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

„პროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას იკვლევს. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ამჟამად ასრულებს მესამე მონოგრაფიას, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.