ადვოკატი - ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ სხვებმა დაჭრეს დავით სარალიძე და კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს დანაშაულის დამალვისთვის

ადვოკატის შეფასებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში. ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების შეფასებისას განუცხადა. კითხვაზე, დაადასტურა თუ არა ბრალდებულმა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინისანთან მირზა სუბელიანთან შეხვედრა და მოზარდების გადამალვაში მისი ჩართულობა, ადვოკატმა განმარტა, რომ მოწმის ჩვენებით ეს ყველაფერი დადასტურდა.

"მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურდა სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა, მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა, კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება და დამალვაში მონაწილეობაც", - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა დავით სარალიძის დაჭრის ფაქტში სხვა პირების მონაწილეობაზეც.

"მისი ჩვენებით სრულად დადასტურდა რომ კონფლიქტში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, სხვა ადამიანების მიერ მოხდა დავით სარალიძის დაჭრა, ასევე სრულად დადასტურდა, რომ კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის ჩვენება სრულ თავსებადობაშია საქმეში არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებასთან. ბრალდებულის ჩვენებაში ბრალდების მხარეს და ვერც ვერავის შეუძლია იპოვოს რამე ისეთი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბრალდებულის ჩვენება არადამაჯერებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე საგამოძიებო ორგანომ ეს საქმე სწორად არ გამოიძია, თორემ დღეისთვის ბრალდების მხარე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. თუმცა, თავის დროზე ყველაფერი გაკეთდა, რათა წაეშალათ გარკვეული პირების მიერ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, კონკრეტული პირები არ დასაჯეს, რასაც მოჰყვა ის, რომ საქმე მთლიანად დაინგრა სასამართლოში განხილვის დროს და ნათლად დადასტურდა რომ საგამოძიებო ორგანო ტენდენციური იყო. ბრალდების მხარე არათუ ჩიხშია, საერთო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ბრალდება ეყრდნობა, ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან მათი პოზიცია, რომელიც ისედაც ძალიან უსუსური იყო, დღევანდელ სხდომაზე მთლიანად დაინგრა", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს