საქართველოსა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღეს, საქართველოსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციებს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბელგიის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ანიკ ვან კალსტერი.

შეხვედრის დასაწყისში, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობები, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან იღებს სათავეს და შესაბამისად, 100 წელს ითვლის. როგორც ბელგიის არქივში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ბელგიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ცნობილი პიროვნება ემილ ვანდერველდი, რომელიც საქართველოდან შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა ბელგიაში და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა. ბრიუსელის არქივში ასევე ინახება ნოე ჟორდანიას ხელნაწერი წერილი მინისტრ ვანდერველდის, როგორც საქართველოს დიდი მეგობრის სახელზე.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში საქართველო-ბელგიის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები და გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტუალური თემები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბელგიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ბელგიასთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა.

ორმხრივი ურთიერთობების კუთხით მხარეებმა აღნიშნეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების შემდგომი ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განვითარებისა და სამართალდაცვით სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, დადებითად შეფასდა კონკრეტული მიმართულებებით გამოკვეთილი ურთიერთობების განვითარების აქტიური დინამიკა, რაც მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში ჰპოვებს ასახვას (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ფარმაცევტიკა და ა.შ.). მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ბიზნეს-წრეებს შორის ინტენსიური კავშირების ხელშეწყობა. ამ კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ წარმატებით დაიმკვიდრა ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისა და მსხვილი ეკონომიკური (სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა) პროექტების რეგიონული ცენტრის (ჰაბის) სტატუსი.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, კერძოდ, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ სამომავლოდ ბელგიასთნ შესაძლებელი იქნება ეფექტიანი თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ანიკ ვან კალსტერმა აღნიშნა, რომ ბელგია მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ძალისხმევის შედეგია.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მომავალ სამიტზე საქართველოს მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაღალ დონეს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის როლზე და ამ კონტექსტში, ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის ასპექტებზე.

აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში ბელგიის მიერ თანმიმდევრულად გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ამ კონტექსტში, ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარდგენილი რეზოლუციების მიმართ.

მინისტრის მოადგილემ ბელგიურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულესი ვითარების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა.

ბელგიელმა დიპლომატმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა ბელგიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე დაათვალიერებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა