საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონმდებლებს ანგარიში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. დოკუმენტში, რომელიც სამოცდაათზე მეტ გვერდს მოიცავს, წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი. დოკუმენტში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე. ამის შემდეგ, მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კვალიფიციური ანგარიში წარმოადგინა. „ეს არის ანგარიში ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოზიციების შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოზიცია ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი, პასუხისმგებელია ორი მიმართულებით, ეს არის საბანკო ზედამხედველობა - კომერციულ საბანკო სექტორში არსებული სიტუაცია. ასევე, მეორე მიმართულებაა ფასების სტაბილურობა, ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა ეს საკითხი ასახულია იმ სქელტანიან დოკუმენტში, რომელიც დღეს წარმოდგენილია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კვალიფიციური ანგარიში წარმოადგინა, დასმულ კითხვებზე მისი პასუხები იყო არგუმენტირებული. შესაბამისად, კომიტეტი თავის შენიშვნებს წარუდგენს ეროვნულ ბანკს, რომელთა გათვალისწინებაც მოხდება“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ამ დათქმით კომიტეტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა წარმოდგენილი დოკუმენტი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა. საკითხი განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ წარმოადგინა.

წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის რამდენიმე ნორმა, რომელიც ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტით იცვლება ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. კომიტეტმა მოისმინა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2019 წლის საბიუჯეტო კორექტირებულ განაცხადს“, რომელიც ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ციცინო ზაქაიძემ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გამოიტანა სხდომაზე განსახილველად.

კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სისტემური ცვლილებების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.

კანონპროექტის თანახმად, საგაგნგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა. ასევე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, განსაკუთრებით ადამიანების მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე. მომხსენებლის თქმით, ბოლო წლებში მომხდარი ხანძრების შედეგების ანალიზის მიხედვით, გამოიკვეთა ამ ტიპის შენობებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის გაძლიერების აუცილებლობა, რასაც ასევე არეგულირებს წარმოდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტით წარმოდგენილ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე 27 კანონპროექტს კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა)“ ცვლილება N1“. ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო კომიტეტს. შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებას და ენერგოეფეტურობის გაზრდას.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტის მთავარი ამოცანაა გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო. გიორგი კაკაურიძემ გააცნო კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმებები „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ , ასევე „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელმა პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი საკვანძო საკითხების თაობაზე ისაუბრა, „ჩვენთვის განათლება არის პრიორიტეტი, მათ შორის პროფესიული განათლება არის მიმართულება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ასახავს და შეესაბამება იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს შრომის ბაზართან მიმართებაში არსებობს. ის სტრუქტურული უმუშევრობა, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია, პირველ რიგში უკავშირდება პროფესიული განათლების საკითხებს, შესაბამისად სამინისტრომ პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად იმუშავა ამ მიმართულებით რაც აისახა წარმოდგენილ დოკუმენტში“, - განაცხადა მომხსენებელმა. მან უპასუხა დეპუტატების და სხდომაზე მყოფი პროფესიული განათლების წარმომადგენელთა შეკითხვებს. ამის შემდეგ კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ დოკუმენტს.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა კოლეგებს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრების - სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას და დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის განმარტებით, ძირითადი თემატიკა, რასაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება, არის სოციალური მუშაკის რეფორმა, მისი აღსრულების მექანიზმების ჩათვლით. კანონპროექტის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი ერთიანი რეგულაციის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება ინდივიდზე, მისი პიროვნების განვითარებაზე და მისი უნარების მაქსიმალურ რეალიზაციაზე.

რატი იონათამიშვილის თქმით, „სოციალური მუშაკის ერთიანი სისტემის განვითარება ხელს უწყობს სიღარიბის, კრიმინალის, ნარკო, ალკო და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებას.

„ასევე, თვითრეალიზებული ადამიანების, სოლიდარული პასუხისმგებლობის გაზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის გაძლიერებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაძლიერების საწინდარია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს