საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი თანმდევ 27 კანონპროექტთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმას.

„2017 წლის დეკემბერში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ვალდებულება იყო აღებული, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეგულირებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადებულიყო და კომიტეტს განსახილველად დღეს, სწორედ ეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კანონპროექტის მიზანია, სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნის შემდეგ, აუცილებელი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონის - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება, რაც ემსახურება ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას.

„პროექტის თანახმად, საუბარია როგორც ინსტიტუციურ ცვლილებებზე ასევე, გარკვეულ ნოვაციებზე. პროექტი მოიცავს რამდენიმე ისეთ ტექნიკურ საკითხსაც რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ამ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. ცვლილებების მიხედვით გადავდივართ მართვის უფრო მარტივ მოდელზე. კერძოდ, არსებული ხუთდონიანი სისტემიდან გადავდივართ ორდონიან სისტემაზე, რომელიც უფრო ამარტივებს, როგორც შეფასების ასევე, გადაწყვეტილების მიღების და ოპერაციების მართვის შესაძლებლობებს. ასევე, დაგეგმვის და მზადყოფნის ეტაპზე ბევრად უფრო ეფექტურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მზად ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტით აგრეთვე, წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, აღნიშნულ სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. სიახლეა, რომ შემოდის მართვის გამარტივებული სისტემა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით, იქმნება მოხალისეთა სისტემა, არსებითად იცვლება ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა, ახლებურად რეგულირდება საგანგებო სიტუაციების კატეგორიები და სხვა.

კანონპროექტით უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი - პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტში დეტალურად არის გაწერილი საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის და მიღების ორგანიზების საკითხი. პროექტით განსაზღვრულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის როლი და პროცედურა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მომზადებამ განაპირობა რიგ კანონებში ცვლილებების განხორციელების საჭიროება, მათ შორის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს - ექნება უფლება თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

კანონპროექტების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. როგორც აღინიშნა, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში იწყება მნიშვნელოვანი რეფორმა, რაშიც პარლამენტი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო