თსუ-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთანდაკავშირებით საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საფრანაგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს დელეგაცია და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კიდევ 3 წიგნის გამოცემა იგეგმება. „საქართველოს ესტუმრა მეორე და მესამე თაობის ემიგრაცია, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტთა შთამომავლებს მასპინძლობს. ემიგრანტთა შთამომავლები დაესწრნენ ალბომის „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაციას. კიდევ 3 წიგნის გამოცემა იგეგმება. ძალიან ინტენსიური მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობა გასწია ჩვენმა უნივერსიტეტმა, ჩვენმა ბიბლიოთეკამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუტმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა“, - განაცხადა რექტორმა.

ალბომი მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტამდე - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდს. მასალები 1918-1921 წწ. არსებული პერიოდულ გამოცემებიდანაა მოძიებული. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების ისტორია, მოვლენები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები.

ნოე ჟორდაიას შვილის რეჯებ ჟორდანიას თქმით, საბჭოთა კავშირმა დათრგუნა თავისუფლება და ამისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება.

„ბედნიერი ვარ, როცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქით დაინტერესებულ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. ამ დღეებში, ერთ ახალგაზრდა გოგოს ვკითხე - რატომ იყო შეყვარებული იმ ეპოქაზე. ასე მიპასუხა: ეს ეპოქა წარმოადგენს თავისუფლებას. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება, ეს იყო მენტალური, სულიერი თავისუფლება. საბჭოთა კავშირმა დათრგუნა ეს თავისუფლება. ამისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება. სწორედ, დღევანდელი ახალგაზრდები ატარებენ საკუთარ თავში ქართულ თავისუფლებას,“- აღნიშნა ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ემიგრანტების შთამომავლები არ წყვეტენ კონტაქტს თავიანთ სამშობლოსთან.

„ღონისძიება ბუნებრივია, ღონისძიება იმართება იმ ციკლის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. სიმბოლურია, რომ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუსრულდა 100 წელი და ეს თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ემიგრანტების შთამომავლები არ წყვეტენ კონტაქტს თავიანთ სამშობლოსთან, საქართველოც ინარჩუნებს ძალიან მჭიდრო კავშირს თავის ისტორიულ დიასპორასთან, რომელსაც, დიდი წვლილი მიუძღვის იმ მნიშვნელოვანი ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება ჰქვია“, - განაცხადა ხატუნა თორთლაძემ.

ალბომში გამოყენებული მასალები დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში.

წიგნის ავტორმა, თსუ-ს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ წიგნზე უსაუბრა.

,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოველი დღის კულტურული მოვლენების ანონსისგან შემდგარი ალბომია, რომელსაც თან ახლავს ვიზუალური მასალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული პრესიდან. საბჭოთა პერიოდში უამრავი ადამიანის არქივი განადგურდა, და ამიტომ ჩვენ ძირითად წყაროებად მხოლოდ ეს ჟურნალ-გაზეთები გამოვიყენეთ. იმედია, ამ წიგნის საშუალებით ბევრი ადამიანი გაიგებს თუ რა ხდებოდა 1028 დღის განმავლობაში,“- აღნიშნა სალომე ჭანტურიძემ.

საზეიმო მიღებაზე თბილისის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის შვილმა ნათელა ნიკოლაძემ, უნივერიტეტს საჩუქრად დედის პასპორტი, დღიურები და პირადი არქივი გადასცა.

ღონისძიებას ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

ქართული სათვისტომოს წინაშე წარსდგნენ გოგონათა ანსამბლი „თსუ გორდელა“ და ვაჟთა ანსამბლი „უნივერსიტეტი“

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტური ქრონიკები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა