პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა

დღეს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ უკეთეს რეგიონს, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობა მიულოცა პირადად ელჩ დურსუნ ჰასანოვს და შეკრებილ საზოგადოებას. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, რაც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.

“ასი წლის წინ ჩვენმა ერებმა წინსვლისა და კეთილდღეობის გზა აირჩიეს. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენი დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დამოუკიდებლად 23 თვე, ხოლო საქართველომ 3 წელი იარსება. თუმცა, მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაში. ამ პერიოდში ჩვენმა ქვეყნებმა უამრავი დაბრკოლება გამოიარეს. ჩვენი ხალხების მეგობრობა და კეთილმეზობლობა მრავალ ასწლეულს ითვლის. დღეს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ უკეთეს რეგიონს, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნება ყველასთვის”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა