პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ელჩ ფედერიკო გონსალესს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო.
პარაგვაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა აგრეთვე შეხვედრები გამართა პარაგვაის სენატის თავმჯდომარესთან, პარაგვაის ყოფილ პრეზიდენტთან, ფერნანდო ლუგოსთან და პარაგვაის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.