ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტამაშ აიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იენო ბოსკოვიჩის სახელობის წლის ძალოსნის 2017 წლის გალა დაჯილდოების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და იდეალურად ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბუდაპეშტიდან მიიღო, ტამაშ აიანი აღნიშნავს, რომ რუსთაველის თეატრში გამართული გალა დაჯილდოება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული მოვლენა იყო და საქართველოს მიერ დაწესებული სტანდარტის აწევა მომავალ ორგანიზატორებს გაუჭირდებათ.

„ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის 113-წლიან და წლის ძალოსანთა დაჯილდოების 36-წლიან ისტორიაში ის უდავოდ ჩაიწერება საეტაპო მოვლენად. ყოველივე ამას განაპირობებდა უმაღლესი სტანდარტი და უდახვეწილესი ელეგანტურობა, იდეალური ორგანიზება და გემოვნებიანი პრეზენტაცია, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი და ყველაფერი, რაც ისტორიულ-კულტურულ გარემოში და ატმოსფეროში ხდებოდა. თბილისში დაწესებული სტანდარტის დაძლევა და დონის აწევა მომავალში ნებისმიერ ორგანიზატორს გაუჭირდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ პატივი დაგვდეთ დაჯილდოების ცერემონიაში თქვენი მონაწილეობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი ჩემპიონის ლაშა ტალახაძისა და საქართველოში ძალოსნობის დიდ წარმატებას. მთავრობის ქმედითი და განუხრელი მხარდაჭერის გარეშე ასეთი წარმატების მიღწევა შეუძლებელია და ამიტომ გთხოვთ, სპორტის ამ სახეობისადმი ყურადღების და მხარდაჭერის შენარჩუნებას მომავალში“, - აღნიშნავს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი - ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდნენ. მათი დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში 7 მაისს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტამაშ აიანი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა