არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ, არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.

„დღემდე აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის საქმეში; არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის, მიმართ თბილისში სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა, პირთა იდენტიფიცირების ან გატარებული სხვა ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის უცნობია.

საქართველოში მოქმედი 35 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა, რომელიც მუხთარლის სავარაუდო გატაცებისა და საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს შეისწავლის.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეა, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მომხდარის არაეფექტური გამოძიება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ.

„მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე. როგორც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება.

აფგან მუხთარლის საქმე “Human Rights Watch”-ის 2017 წლის მსოფლიო ანგარიშშიც (გვ. 245) მოხვდა. იმ ნაწილში, სადაც ანგარიში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს, აფგანის გაუჩინარების და შემდგომ ბაქოში დაკავების ფაქტია მოყვანილი.

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლის თავზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ პროკურატურამ პასუხი გასცეს ყველა გაჩენილ კითხვას და დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლის თავზე, აუცილებელია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის: რა გარემოებები აფერხებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, რატომ ვერ მოხდა მთელი რიგი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება, რომელსაც აფგან მუხთარლის გადაადგილება შეიძლება აესახა თბილისიდან ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე, რატომ არ აქვთ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს.

იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზებით დაიწყო და წარიმართა, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის და გაანალიზებს აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს, ისევე როგორც გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მედიის ინსტიტუტი, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა