30 მაისს, თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იწყება

30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.

ფესტივალი 30 მაისს, 20:00 საათზე, 1935 წელს გადაღებული პირველი ქართული ანიმაციური ფილმით „არგონავტები“ გაიხსნება. ამ ფილმის ჩვენება ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 3 ივნისს, 20:00 საათზე, განახლებულ თეატრ „სპარტაკში“ გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო პროგრამაში 11 ქვეყნის 25 ფილმი მონაწილეობს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ისრაელის, რუმინეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, აშშ-ს, შვეიცარიის და საქართველოს კინოსკოლების საუკეთესო ნამუშევრები იხილოს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, კინოჩვენებები, სარაევოს კინოაკადემიის პრეზენტაცია და სხვა სტუდენტური ღონისძიებები.

მასტერკლასებზე, კინოჩვენებებსა და საფესტივალო ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალს 20-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და კინოხელოვანი ეწვევა, რომელთა შორის არიან ჟიურის წევრები: ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია) და ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი). უცხოელ კოლეგებთან ერთად, საფესტივალო ფილმებს შეაფასებენ ჟიურის ქართველი წევრები: ნატა მურვანიძე და ზაზა ხალვაში.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული 4 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. ჟიური გამარჯვებულებს 2018 წლის გრან-პრის გადასცემს. ასევე, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა, მონტაჟი, ოპერატორის ნამუშევარი.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, Check in Georgia, საქართველოს ეროვნული არქივი, „კინოსტუდია ქართული ფილმი“, რესტორანი „შავი ლომი“, „სოფია მელნიკოვას ფანტასტიკური დუქანი“, ARTAREA, რადიო „ფორტუნა“ და ტელეკომპანია MUSIC BOX.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა