მეტროს მემანქანეები 4 ივნისს გაფიცვას კვლავ გეგმავენ

მეტროს მემანქანეები, სასამართლოს განჩინების მიუხედავად, 4 ივნისს მაინც გაიფიცებიან, - ამის შესახებ პროფკავშირების „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

რატი კაპანაძის თქმით, სასამართლოს განჩინება, რომლითაც მათ განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ გაფიცვა, უსამართლოა და მათ ძირითად უფლებას – თავისუფლებას ზღუდავს. ამიტომ, რატი კაპანაძის განცხადებით, მემანქანეები მხოლოდ სასამართლოს პირველ გადაწყვეტილებას - გაფიცვის უფლების 30 დღით შეზღუდვას დაემორჩილებიან, ხოლო ამ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მაინც გაიფიცებიან.

„ჩვენ არ დავემორჩილებით სასამართლოს მიერ გამოტანილ არაკონსტიტუციურ განჩინებას. მათ ჰქონდათ უფლება და 30 დღით გადაავადეს ჩვენი გაფიცვა, თუმცა ამის შემდეგ არავის ჰქონდა უფლება ჩვენი კონსტიტუციური უფლება მოეკლა განჩინების საფუძველზე. ამიტომ ჩვენ არ დავემორჩილებით და 4 ივნისს იქნება გაფიცვა. დილიდან 6:00 საათიდან დავიწყებთ გაფიცვას და მატარებლები არ გამოვლენ“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ადმინისტრაცია 4 ივნისს, რამდენიმე ყოფილი მემანქანის სამსახურში გამოყვანას შეეცდება.

„სამწუხაროდ, ადმინისტრაცია ამზადებს რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ამჟამად აღარ მუშაობენ. ეს მემანქანეები არიან ყოფილი მემანქანეები, რომლებიც ჯანმრთელობის გამო, ან თავისი ნებით წავიდნენ სამსახურიდან. თუმცა, მათ ეს არ გამოუვათ.

გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ მემანქანეები, არამედ მოძრაობის სამსახურის თანამშრომლები, დეპოს მორიგეები, ტექნიკური პერსონალი“, “-განაცხადა პროფკავშირი „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-იან ზრდას ითხოვენ.

მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო. 2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო