რევაზ სოხაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსების წესში ცვლილება თანხის ეფექტურად ხარჯვის მიზნით მოხდა

თბილისის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსების წესში ცვლილების შეტანა იმ აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა, რომ თანხა ეფექტურად დახარჯულიყო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ჟღენტის განცხადებებზე.

რევაზ სოხაძის თქმით, თბილისის მერია ამხანაგობების პროგრამების განსახორციელებლად ყოველწლიურად დაახლოებით 28 მლნ ლარს ხარჯავს. დაფინანსების წესში ცვლილების შეტანა კი მოხდა იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ თანხა ეფექტურად დახარჯულიყო.

„ხშირ შემთხვევაში ის კომპანიები, რომლებიც ამხანაგობის თავმჯდომარის დაკვეთით ასრულებდნენ სამუშაოებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ საერთოდ ქრებოდნენ. შესაბამისად, სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა. მაჟორიტარი ვარ და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ჩემს უბანში ძალიან ბევრი შემთხვევა მაქვს, უბრალოდ, პასუხს ვეღარავის ვთხოვდით. კომპანიები ქრებოდა. ამ და სხვა მიზეზების გამო მივიღეთ ამ კონკრეტულ წესში ცვლილება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მეტი გარანტიით და უფრო ხარისხიანად მოხდეს კონკრეტული თანხების ათვისება. ამავე დროს, მოქალაქეებისა და ამხანაგობების ჩართულობა გაიზარდოს მათი ეზოებისა და კორპუსების კეთილმოწყობის საქმეში“, – განაცხადა სოხაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ბუნებრივი პროცესია, რომ გარკვეული ტენდერების ჩაშლა ხდება, შემდეგ კი ახალი ცხადდება.

„შესაძლოა ამ გარდამავალ პერიოდში შეფერხება არსებობდეს, თუმცა ეს ჩვენი ქალაქისთვის იმდენად მნიშვნელოვანი წესია, გარდამავალ პერიოდსაც გავივლით და პროგრამა წარმატებით ამუშავდება“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ამასთან, უმრავლესობის წევრი რევაზ სოხაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ჟღენტის განცხადებას, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „ფინეზის“ დამფუძნებლის მეუღლე მერიაში მუშაობს. დავით ჟღენტის ინფორმაციით, მერიაში ნეპოტიზმის ფაქტთან გვაქვს საქმე.

აღნიშნულს არ ეთანხმება უმრავლესობის წევრი. რევაზ სოხაძისთვის ეს კონკრეტული ფაქტი უცნობია.

„ეს არგუმენტი არ არის. უამრავი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში. დამფუძნებლების ოჯახის წევრები შესაძლოა, მუშაობდნენ მუნიციპალიტეტებში, თუ სამთავრობო სტრუქტურებში. დღეს არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, რომ ამ კომპანიამ ტენდერში იმიტომ გაიმარჯვა, რომ მისი მეუღლე მერიის თანამშრომელია“, – განაცხადა სოხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა