კორნელი კაკაჩია - აქამდე არაბული ქვეყნებიდან დე ფაქტო რეჟიმები არავის უღიარებია, სირიის „აღიარებამ“ კი შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს

სირიის მხრიდან დე ფაქტო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" „დამოუკიდებლობის აღიარება“ ძალიან ცუდია, იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე არაბული ქვეყნებიდან დე ფაქტო რეჟიმები არავის უღიარებია, ამან კი შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსს“ საკითხის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეტყობა მოდუნდა, რადგან თავბრუ დაგვახვია არაღიარების პოლიტიკამ და ეს შედეგი მივიღეთ.

„ეს არის არასასიამოვნო, ძალიან ცუდი ფაქტი. ჩვენ ხშირად გვესმოდა მარიონეტული ხელისუფლებების რეჟიმებისგან , რომ ისინი მუშაობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აფრიკაში, ლათინო ამერიკულ ქვეყნებში, სირიაზეც იყო საუბარი, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებოდით ჩვენი პარტნიორების დახმარებით. თუმცა, ეტყობა, რომ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს სირიაში ხდება, ჩვენი ბერკეტები ასადის ხელისუფლებაზე დავკარგეთ, ისევე, როგორც ჩვენმა მოკავშირეებმა, მოვადუნეთ ყურადღება და ბუნებრივია, ეს უყურადღებოდ არ დარჩენია არც რუსეთს, არც დე ფაქტო რეჟიმებს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე არაბული ქვეყნებიდან დე ფაქტო რეჟიმები არავის უღიარებია. არაბული სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის აღიარებას იმედია არ მოჰყვება სხვა არაბული სახელმწიფოების მხრიდან გაგრძელება. დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან საუბარი იყო პატარა სახელმწიფო ერიტრეაზეც, რომელიც აფრიკაშია. ასევე იყო საუბარი, რამდენიმე არაბულ სახელმწიფოზე, მათ შორის იორდანიაზე, სადაც საკმაოდ დიდია ჩერქეზული და აფხაზური დიასპორის გავლენა. ამ მიმართულებით უფრო მეტია სამუშაოა. მათი მხრიდან აღიარება არ უნდა მოხდეს. მერე რთული იქნება ამ სიტუაციის კონტროლი, რადგან ჯაჭვური რეაქცია თუ ერთხელ წავიდა, ხუთმა, ექვსმა სახელმწიფომ აღიარა, საქმე რთულად იქნება.

ეტყობა მოვდუნდით და თავბრუ დაგვახვია არაღიარების პოლიტიკამ, ვირწმუნეთ საკუთარი თავის. ჩვენი მხრიდან უნდა გაძლიერდეს არაღიარების პოლიტიკა და უნდა მოხდეს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება. რაც მთავარია, ამას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს დასავლეთისგან“, - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე მოსაზრებით, ამ საკითხის მდგრადობა გაირკვევა მაშინ, როდესაც სირიის კონფლიქტი გადაწყდება.

ჩვენ არ ვიცით, როდის გადაწყდება სირიის კონფლიქტი და დარჩება თუ არა ასადის ხელისუფლება, საერთოდ, სირია შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას. ბევრი ბუნდოვანებაა და სირიის მხრიდან აღიარების საკითხიც საბოლოოდ ვერ გაირკვევა, ვიდრე ეს კონფლიქტი არ მოგვარდება. იქ რომ სხვა ხელისუფლება მოვიდეს, შესაძლოა, უკან წაიღოს საერთოდ ეს აღიარება, ამიტომ ამაზე მარჩიელობა უმადური საქმეა“, - აღნიშნა კაკაჩიამ.

კითხვაზე, რა შეიძლება მიიღოს ასადის რეჟიმმა დე ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ სანაცვლოდ, კაკაჩია ასე პასუხობს: „ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. გარკვეულწილად, სირია უკვე იღებს დახმარებას რუსეთისგან. ბაშარ ასადის რეჟიმი რეალურად რუსულ ხიშტებზე დგას. ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც იცის. ასადი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და ხელისუფლებასაც ვერ შეინარჩუნებს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მას დამატებითი სტიმული არც სჭირდებოდეს, რადგან რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მას დიდი არჩევანი ამ შემთხვევაში არ ჰქონდა. ჩვენ კი ამ საკითხზე მაშინვე უნდა გვეფიქრა, როდესაც ისინი აფხაზეთში ჩავიდნენ ზაფხულში. მაშინვე უნდა ამტყდარიყო ამაზე განგაშის ზარები. ჩვენ არ ვიცით კულუარებში როგორ იმუშავეს, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება. შედეგის მიხედვით ჩანს, რომ არარასაკმარისად იმუშავეს, მაგრამ მეორე საკითხია, რა ბერკეტები ჰქონდათ მათ. რამდენად ჰქონდათ ბერკეტები ასადის ხელისუფლებაზე, რადგან ჩვენ ვართ შეერთებული შტატების და დასავლეთის მოკავშირე, რომელიც ასადის ხელიფლების მოწინააღმდეგე მხარეა. თუმცა, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებთანაც ვმეგობრობთ და მათ აქვთ სირიის რეჟიმთან მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა, იყო თუ არა ეს გამოყენებული ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“, - განაცხადა კაკაჩიამ.

შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“ და ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა