„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისში ღამის ეკონომიკაზე, სწორ მიდგომებსა და დედაქალაქის პერსპექტივაზე საუბრობს

„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისში ღამის ეკონომიკაზე, სწორ მიდგომებსა და დედაქალაქის პერსპექტივაზე საუბრობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მენაშენეთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ღამის ეკონომიკა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსა და ქალაქებში განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დასავლეთ ევროპაში „ღამის ეკონომიკას“ „მეორე ცვლის“ ეკონომიკად მოიხსენიებენ.

„თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ინიცირებული პროექტი „ღამის ეკონომიკის განვითარება“ დროულ და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს „მენაშენეთა ასოციაციაში“, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის ეს მიმართულება საკმაოდ კომპლექსურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

თბილისის „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტს ცნობილი მუსიკოსი და ტელეწამყვანი სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს. უფლებამოსილების შესრულების დაწყების შემდეგ გვარჯალაძემ არაერთი განცხადება გააკეთა „ღამის ეკონომიკის“ მნიშვნელობაზე დედაქალაქისთვის და მაგალითები ევროპის ცნობილი ქალაქებიდან მოჰყავს, მაგალითად ბერლინი და ვილნიუსი, სადაც, როგორც ცნობილია, საკმაოდ განვითარებულია ღამის კლუბების ინდუსტრია“, – აცხადებენ ასოციაციაში.

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ „მეორე ცვლის ეკონომიკა“ არ ნიშნავს მხოლოდ კლუბების ინდუსტრიის განვითარებას და ეს მხოლოდ მცირე შემადგენელია ამ მიმართულებაში.

„მეორე ცვლის ეკონომიკა უპირველესად არის სამუშაო დროის სწორი მენეჯმენტი. განვითარებულ ქალაქებში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, რაც უპირველესად გულისხმობს მეტი თავისუფალი დროის გამონახვას მოსახლეობისთვის. მეორე ცვლის ეკონომიკაში ლომის წვლილი ადგილობრივ მოსახლეობას მიუძღვის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ახლად შექმნილ სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, „მეორე ცვლის ეკონომიკისთვის“ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში და დაწესებულებებში სამუშაო დღე უფრო ადრე დაიწყოს, თუნდაც დილის 6–7 საათზე. ამ შემთხვევაში სამუშაო საათების გადაწევას ავტომატურად აყვება კერძო სექტორიც და ნაცვლად 18:00–19:00 საათისა, მოსახლეობის დასაქმებული ნაწილი სამუშაო დღეს 15:00–16:00 საათზე დაასრულებს.

„დღეს თუ ადამიანი სამსახურს 19:00 საათზე ამთავრებს, იმის გათვალისწინებით, რომ სახლში მისვლამდე კიდევ გარკვეულ დროს კარგავს, საოჯახო საქმეებიდან გამომდინარე, ვეღარ ახერხებს გარეთ გასვლას. ნებისმიერი ადამიანის თუნდაც 1 საათით გასვლა სასეირნოდ, ავტომატურად ნიშნავს გარკვეული ხარჯების გაწევას, თუნდაც 5–10 ლარის. წარმოვიდგინოთ, დღეში თითოეული თბილისელი თუ დამატებით 5 ლარს დახარჯავს, რამდენად გაიზრდება კაპიტალბრუნვა დედაქალაქში. ეს კი პირდაპირ ნიშნავს წვრილი და მცირე ბიზნესის, ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტების განვითარებას,“ – მიაჩნია „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელსძღვანელს.

ირაკლი როსტომაშვილის თქმით, „მეორე ცვლის ეკონომიკა“ ნიშნავს დროის ოპტიმალურ გადანაწილებას, მეტ დროს ოჯახისთვის, მეტ ურთიერთობებს, მეტ ზრუნვას ბავშვებზე, ნაკლებ კრიმინალს, ინფრასტრუქტურის განვითარებას საძილე რაიონებში, შიდა ტურიზმის გაზრდას. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო