პაატა ზაქარეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ არაბულ სახელმწიფოთა დარაზმვა მოხდეს სირიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - თბილისმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ყურადღება მოადუნა და აცხადებს, რომ სირია იმდენად არის დამოკიდებული რუსეთზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აქ უძლური იქნებოდა.

როგორც ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რუსეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სირიაზე, რათა მას აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა“.

„სირია დიდხანს ფიქრობდა ამაზე, არაერთი დელეგაცია იყო ჩასული ბოლო წლების განმავლობაში დამასკოში, კონტაქტები იყო რუსეთის დონეზე. რუსეთი ცდილობდა, დაერწმუნებინა სირია წასულიყო ამ ნაბიჯზე. როგორც ჩანს, სირიამ ვერ გაუძლო ზეწოლას. ამდენ ხანს რომ არ მომხდარა ეს „აღიარება“ მეტყველებს, რომ სირიაში სხვადასხვა მოსაზრებები იყო, იმდენად დარტყმის ქვეშ არის სირია, ისე გარიყულია მსოფლიოსგან და მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, რომ მე მგონია, საქართველოს ხელისუფლება აქ უძლური იქნებოდა. სირიის დღევანდელი რეჟიმი გადაარჩინა რუსეთმა. შესაბამისად, მან ამ აღიარებით მოსკოვისადმი მადლიერება გამოხატა. მაგრამ რეჟიმის გადარჩენა ერთია და სირიის მომავლის გადარჩენა - მეორე. აქ უკვე საქართველო უნდა იყოს პრინციპული და სირიას ძვირად დაუსვას ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება არ არის კარგი, მაგრამ ამით ისტორია არ მთავრდება. სირია მოწყვლადი სახელმწიფოა და დაშლის ქვეშ არის, მან თავისი უგუნური ნაბიჯით საქართველო აქცია თავის მოწინააღმდეგედ. საკმარისია სირიაში დაიწყოს დეზინტეგრაციის პროცესები, რომ საქართველოს იმედი მას აღარ უნდა ჰქონდეს. საქართველოს სახით შეიძლება მიიღოს სახელმწიფო, რომელიც აღარ დაინდობს. ახლა საქართველოს აქვს შანსი და საშუალება, უგულვებელყოს სირიის ინტერესები, როცა ამის რეალობა დადგება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ სირიასთან ერთად უნდა დააყენოს თუ არა რუსეთის პასუხისმგებლობა, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სირია სუვერენული სახელმწიფოა და მხოლოდ რუსეთზე ყურადღების გადატანა საკმარისი არ იქნება.

„საქართველომ უნდა დააყენოს სირიის პასუხისმგებლობა, გაერო-ში და ყველგან ამაზე უნდა ატეხოს სერიოზული განგაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბულ სახელმწიფოთაა დარაზმვა მოხდეს სირიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს თბილისმა. რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება საუბარი, მაგრამ სირია სუვერენული სახელმწიფოა და მარტო რუსეთზე ყურადღების გადატანა არ გამოვა. სერიოზულად უნდა გავილაშქროთ სირიის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ახლა მთავარია საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირება, რათა სხვა სახელმწიფოებმა, ვინც შეიძლება ფიქრობენ აღიარებას, იცოდნენ რა ფასად დაუჯდება ამ ნაბიჯის გადადგმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა