მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა

ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, რის გამოც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, ჭარბვალიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ბარიერს ბადებს:

„მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 25-30%. ეს ნიშნავს იმას, რომ 630 000 ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი ბიზნესის დასაწყებად, ელემენტარულად გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან.

ჭარბვალიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან რისკს და ამ რისკს სჭირდება დაზღვევა.

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს - ამას მაკროეკონომისტები ინკლუზიურ ზრდას უწოდებენ. ინკლუზიური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია სწორედ ჭარბვალიანობა. ის, რა პრინციპითაც ხშირად ხდებოდა დაკრედიტება, ამას შეგვიძლია ვუწოდოთ უპასუხისმგებლო პრაქტიკა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციაზე პრობლემის გადაჭრის გზების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, მისი თქმით, ჭარბვალიანობა შემცირდება.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, დაგეგმილი ინიციატივები მოიტანს ეკონომიკურ სტაბილურობას, გრძელვადიან პერსპექტივაში მაკროეკონომიკურ სიმყარესა და ინკლუზიურ ზრდას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბვალიანობა შემცირდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ უფრო სტაბილური და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ მივიღებთ ახალ ევროპული სტანდარტის მქონე, მომხმარებლების უფლებების დაცვის ატმოსფეროს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს