31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს ქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საქართველოს დიდი დელეგაციით ესტუმრება. ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას და შეხვდებიან მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 70-მდე მონაწილე, რომლებიც წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ. უკვე დაგეგმილია 100-მდე ღონისძიება, მათ შორის, ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და კონცერტები. ამას გარდა, გამოავლენენ საუკეთესო ბლოგერებს, მოეწყობა კოსტუმირებული კარნავალი და წარადგენენ სპეციალურ სტუმრებს. საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი, დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი.

თინეიჯერებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და "გამომცემლობა პალიტრა L" - საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“ - სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში კინოსა და თეატრის 25 ქართველი მსახიობი მკითხველთა წინაშე წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო პროექტის „მსახიობები ლიტერატურისათვის“ - კომპანია „სილქნეტი“. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო