პრეზიდენტმა ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატები საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვდნენ სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თედო ჯაფარიძე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებული ზეიმი გრძელდება.

“ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს - ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ბოლო 30 წელიწადი, გლობალურად, პოლიტიკური პროცესისთვის უმნიშნელოვანესი მოვლენა იყო - დამთავრდა ცივი ომი, დაინგრა ბიპოლარული სამყარო, დაიშალა საბჭოთა კავშირი და აი ამ დრამატულ, ისტორიულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამშობლოს იდენტობის გამოვლენა, ჩვენი სამშობლოს მიზნების დასახვა და ჩვენი ერისთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრა. იმ მომენტში, უაღრესად სწორად განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის როლი და ფუნქცია, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე იმ საერთაშორისო გზავნილში, რომელსაც საქართველო თავის თავს, რეგიონს და მსოფლიოს უგზავნიდა. დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ საერთშორისო წარმატებაზე, აი, ეს უაღრესად სწორედ დანახული ქვეყანა, რეგიონი, ფუნქცია, მისია, - სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა. ჩვენ ჩამოვყალიბდით როგორც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემქნელი სივრცე და მაშინ მცირე და მყიფე პროექტებიდან იწყებოდა ეს ყველაფერი, პროექტებიდან, რომლებიც უკვე მომავალ წელს იქნება ევროპის სამხრეთის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. ძალიან ბევრი მიმართულებით გაიშალა ეს პროექტები, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, იგივე სხვა პროექტები კასპიიდან, რომელიც უერთდება ჩვენს ენერგოდერეფანს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა და ამ მისიით გავდივართ მსოფლიოში და რეგიონშიც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ირაკლი მენაღარიშვილის და თედო ჯაფარიძის მოღვაწეობამ დიპლომატიის სიბრტყეში ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ხედვების შემდგარობა და ამ ხედვების გატანა.

“თქვენ მანამდეც ისეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაგაჩნდათ, განსაკუთრებით მე 9 აპრილის კონტექსტი მახსენდება ბატონო ირაკლი თქვენთან მიმართებაში. მე დღეს ვხედავ თქვენი ნამუშევრის, თქვენი თავდადების ხორცშესხმას რაღაც საკითხებში, ახლა მე არ ვიტყვი, რომ ეს პროექტები ბოლომდე არის განხორციელებული, კიდევ ძალიან დიდი პერსპექტივებია, მაგრამ ის დიდი ღვაწლი, რომელიც თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით, ის ინტელექტუალური, ემოციური, პიროვნული თავდადება, რომელიც ბევრი ეს წამოწყება შემდგრად გვაღიარებინა დღეს, არის ჩვენი სიამაყის და ამ დღეების ჩვენი ზეიმის საგანი. ამდენად მინდა ჩემი და ჩვენი სახელმწიფოს სახელით მადლობა გითხრათ მოღვაწეობისთვის და შესაბამისად, გამოვყო თქვენი ღვაწლი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საერთაშოაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, და ქართველი დიპლომატების ოჯახის წევრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა