რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა იმერეთში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა იმერეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა.

„კომიტეტის გასვლითი სხდომის გამართვა საშუალებას გვაძლევს ადგილზე გავეცნოთ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან მეტი კომუნიკაცია ვიქონიოთ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ჭიათურის კულტურის შემოქმედებით ცენტრში, სადაც კომიტეტმა გასვლითი სხდომა ჩაატარა.

როგორც სხდომის დასაწყისში ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა რიგით მესამე გასვლითი სხდომაა, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართა. მისივე შეფასებით, გასვლითი სხდომების ფორმატში კომიტეტი ადგილზე ეცნობა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობს. ზაზა გაბუნიამ კომიტეტის ინიციატივით გამართულ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პირადად ჩემი და მთლიანად კომიტეტის ამოცანაა თვითმმართველობა უფრო პოპულარული გახდეს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მოვამზადეთ ეს ფორუმი და ამისთვის ვამუშავებთ სხვადასხვა ტიპის პროექტებს. კომიტეტის გასვლითი სხდომის გამართვაც ამ ფორმატს უკავშირდება. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეტი დიალოგის და დისკუსიის გამართვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა, თქვენგან წამოსული ინიციატივების გაცნობა და ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც არსებული გამოწვევების დაძლევას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძე, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა ნადირაძე მიესალმნენ.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. კომიტეტის თავმჯდომარემ მეორე მოსმენით „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მუხლობრივად წარმოადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ კი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა და ზოგადად თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, მინდია ღლონტმა იმერეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია წარმოადგინეს. მათი ინფორმაციით, უკვე დაფინანსდა 51.4 მლნ ლარის ღირებულების 143 ინფრასტრუქტურული პროექტი, კომისიაზე განსახილველად წარმოდგენილია 2.2 მლნ ლარის ღირებულების 15 პროექტი და კიდევ დამატებით წარმოსადგენია 10 პროექტი. სამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთის ქალაქებზე გაწერილი პროექტებზე დეტალურად ისაუბრეს და მათი განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს გაზი. „სამინისტროს ეგიდით, სახელმწიფო ბიუჯეტით ასევე დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, იმერეთის რეგიონში დაფინანსდა და ხორციელდება 141.9 მლნ, ლარის ღირებულებების 187 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონის ინფრასტრუქტურას თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

კომიტეტის სხდომა ქალაქ ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის, ქეთევან მახარაშვილის პრეზენტაციით გაგრძელდა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადებას შეეხებოდა.

სხდომის დასასრულს ზაზა გაბუნია ჭიათურის მერის მიერ გამოთქმულ წინადადებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას შეეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ერთობლივ სხდომას გამართავენ, რომელიც ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების გაცნობას და მისი გადაჭრის გზების ძიებას დაეთმობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა