იაგო კაჭკაჭიშვილი - ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი და სივრცე რაღაცნაირად დახავსდა, დაჭაობდა

IRI-ს კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი და სივრცე რაღაცნაირად დახავსდა, დაჭაობდა, - ამის შესახებ „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩეველთა 35-40% ნიჰილისტურად არის განწყობილი და ელოდება ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ან ძველი პოლიტიკური ძალების ახალ კონფიგურაციას.

„გვყავს მმართველი პარტია, რომელიც ცხადია, ვერ დაიკვეხნის მხარდაჭერის ზრდით მოსახლეობაში. თუნდაც კრიტიკული ამომრჩევლის მიმხრობით, მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ უარესდება „ქართული ოცნების“ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა და მაჩვენებლები ამას მეტყველებს. 27%-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ არის საამაყო არც ერთი სახელმწიფო პოლიტიკური ძალისთვის.

ანუ, ერთი მხრივ, გვყავს მმართველი პარტია, რომელიც ლიდერობს, მაგრამ ეს ლიდერობა ვერ ასხივებს - ეს ლიდერობა ძალიან სუსტად ანათებს და სუსტად ანათებს კიდევ უფრო გაუფერულებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ფონზე. ძველი სახეები არიან ისევ ასპარეზზე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი - „ევროპული საქართველო“. ეს ორი პოლიტიკური ძალა დღეს მწვავე დაპირისპირებაშია ერთმანეთთან და მათ შორის დიალოგის ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ. მაინც ძველი სახეებია - ერთი პოლიტიკური გამოცდილების პოლიტიკური პარტიებია, რომლებიც პოლიტიკურ წარსულზე, მეტნაკლებად, თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა არ შეცვლილა მათი გაყოფის მიუხედავად. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამ გაყოფამ რომელიმე პოლიტიკურ ძალას მოაცილა პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რის გამოც საქართველოს ამომრჩეველმა 2012 წელს ხელისუფლებას ჩამოაშორა.

ასევე გვყავს სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში საარჩევნო ბარიერს ლახავენ. ამდენად, არაფერი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ველში არ ხდება - არაფერი ანათებს პოლიტიკურ ლანდშაფტში. ეს არის ხავსმოკიდებული პოლიტიკური ველი, რომელიც არ ვიცი რამდენ ხანს შენარჩუნდება, რა მოხდება უახლოეს წლებში. ფაქტია, რომ არსებობს საკმაოდ დიდი სივრცე ამომრჩევლებში. ეს არის დაახლოებით, 35-40%-იანი სივრცე, რომელიც ნიჰილისტურად არის განწყობილი პოლიტიკური ძალების მიმართ და ამბობს, რომ არც ერთს არ მისცემს ხმას, ან ელოდება ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, ან - ძველი პოლიტიკური ძალების ახალ კონფიგურაციას. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი ველია დარჩენილი პოლიტიკური ცვლილებებისთვის“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს