„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი - შესაძლოა, თამბაქოს მოხმარება კაზინოებშიც აიკრძალოს, ასევე გაუქმდეს სალიცენზიო პირობები სიგარბარებთან დაკავშირებით

უახლოეს მომავალში შესაძლოა, თამბაქოს მოხმარება კაზინოებშიც აიკრძალოს, ასევე გაუქმდეს სალიცენზიო პირობები სიგარბარებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა და განხილვებიც დაწყებულია. ბახტურიძე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მხარს დაუჭერენ კაზინოებში მოწევის აკრძალვასა და სიგარ-ბარებთან დაკავშირებით სალიცენზიო პირობების გაუქმებას.

ბახტურიძის განმარტებით, კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი გახდა ის, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, რომლის შემადგენლობაში სლოტკლუბები და ტოტალიზატორები შედიან, მოთხოვნა წამოაყენა, რომ თამბაქოს მოხმარება ამ ობიექტებშიც დასაშვები იყოს.

„კანონი ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში კიდევ უნდა დაიხვეწოს. კიდევ არსებობს რაღაც პრობლემები, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პრობლემა იყო კაზინოები. კაზინოებში, ჯერჯერობით არ არის აკრძალული მოწევა. კაზინოების რიცხვიც არ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ მაშინაც, როდესაც ეს მუხლი განიხილებოდა, ვიყავით კატეგორიული წინააღმდეგი იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც დასაქმებულია ამ ბიზნესში სერიოზული ზეგავლენის ქვეშ არის. იცით, რომ მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ თამბაქოს კვამლისგან გაუნიავებელ შენობაში ყოფნა. დახურული სივრცეა თავიდან ბოლომდე და კატასტროფული მდგომარეობაა იქ დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, რომ იქ დაშვებულიყო ასეთი გამონაკლისი. ამის დამცველები პარლამენტის კონკრეტული წევრები იყვნენ. იყო ასეთი მოსაზრება, მაგალითად, თუ ჩვენ ავკრძალავთ კაზინოში მოწევას თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ადამიანები (ვინაიდან ამ ქვეყნებში აკრძალულია კაზინოში თამაში) წავიდოდნენ კვიპროსში, სადაც არ არის აკრძალული მოწევა. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ მოწევის გამო შედიან კაზინოში. რამდენიმე კვირის წინ კი სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, რომელზეც პირდაპირ ვაცხადებ, კრიმინალური ბიზნესის ასოციაციაა და ეს განცხადება ეკუთვნის "თამბაქოს კონტროლის ალიანსს", წამოაყენა წინადადება - რადგან კაზინოებში დაშვებულია მოწევა, მოდით, ახლა სხვა დანარჩენ სათამაშო სლოტ-კლუბებში, ტოტალიზატორებში დავუშვათ მოწევა, რაც არის კანონის დასამარების პირველი მცდელობა, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად დგას თამბაქოს ინდუსტრია“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

მისივე თქმით, მოითხოვენ კაზინოებშიც მოხდეს თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა და ასევე გაუქმდეს სალიცენზიო პირობები სიგარბარებთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს