ანა დოლიძე - მთავარმა პროკურორმა დღეს თითქმის აღიარა კაპიტულაცია და თავის მანდატს დაუსვა წერტილი

მთავარმა პროკურორმა დღეს თითქმის აღიარა კაპიტულაცია და თავის მანდატს დაუსვა წერტილი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც პროკურატურასთან მივიდა. დოლიძემ ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„დღეს თვითონ მთავარმა პროკურორმა თითქმის აღიარა კაპიტულაცია იმით, რომ ამდენი ხნის მერე მან თქვა, რომ ახლა უნდა ჩამოიყვანოს უცხოელი პროკურორები, რომლებმაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. რისთვის გვჭირდება მაშინ ეს სტრუქტურა, რისთვის გვჭირდება ეს მრავალმილიონიანი ბიუჯეტი და ის ასობით ადამიანი, ვინც აქ მუშაობს. ფაქტია, რომ მათ ვერ შეასრულეს დავალება და საკუთარი ფუნქცია, თორემ ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა კითხვას ამ საქმეზე გაეცეს ამომწურავი პასუხი. ეს არ სჭირდება მარტო ბატონ ზაზას, ეს გვჭირდება ქართველ ხალხს, იმიტომ რომ, ჩვენ ძალიან ბევრი ვიღვაწეთ იმისათვის, რომ არასდროს მომხდარიყო იგივე, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში, ვაზაგაშვილის შემთხვევაში და ა.შ“, - განაცხადა დოლიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა