კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - ვიცით, რომ თვითმხილველი 100 ადამიანიდან მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს სერიოზული პრობლემა მგონია

ვიცით, რომ თვითმხილველი 100 ადამიანიდან მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს სერიოზული პრობლემა მგონია, ჩვენი მენტალური პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დროა საჭირო, რომ ასეთი მენტალური მიდგომები შეიცვალოს.

„არაერთხელ მოხდა ინფორმაციის გაჟღერება ჩვენი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე მიმართულებით მიდის მუშაობა. მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუშაობს პროკურატურა, მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისია, რომელიც შეიქმნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რაიმე კითხვები აქვს ოჯახებს დარჩენილი, აუცილებლად პასუხი გაეცემა. დღეს მოვისმინე შსს-ს განცხადება, რომ დაბარებული ჰყავთ მოწმეები. ჩვენ ვიცით, რომ 100 ადამიანიდან მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა ამ საქმეზე და ეს სერიოზული პრობლემა მგონია, ჩვენი მენტალური პრობლემა მგონია. ახალგაზრდებში მოხდა დაპირისპირება და მკვლელობით დასრულდა. სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები და არა საუბრობენ კონკრეტულ ფაქტზე.

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ამას ძალიან ბევრი დრო დასჭირება, რომ ეს მენტალური მიდგომები შევცვალოთ. ეს უნდა იყოს სირცხვილი, ეს უნდა იყოს ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის და არა საამაყო ის, რომ ჩვენმა შვილმა არ გათქვა და არ ისაუბრა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორც შეაფასებს უფლებადამცველ ზვიად კუპრავას მოწოდებას, რომ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, გარდაცვლილების ოჯახების ტრაგედია საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.

„არ ვიცი ზვიად კუპრავა ვინ არის და რას წარმოადგენს. რა წარსული აქვს, ძალიან კარგად ვიცი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ ოჯახების ტრაგედიით მანიპულირების შესაძლებლობა არავის მივცეთ. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვისმენთ გასაოცარ მოწოდებებს. ამ ქვეყანაში თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 2012 წლის მერე ყველაფერი შევცვალეთ და დღეს ყველა თავისუფალია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. გარკვეული ძალები არსებობენ, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდნენ. მათ სურვილი აქვთ, რომ ოჯახების ტრაგედია თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებობს, თუმცა, როგორც კი ვინმეს მხრიდან რაიმე გადაცდომას იქნება, ხელისუფლება ადეკვატურად და კანონის ფარგლებში იმოქმედებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა