არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 156-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში უწყებაში დაბარებულია მოქალაქე დათო ხარშილაძე. გამომძიებლები ხარშილაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან.
ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შ.კ.-ის განცხადებით, მას დათო ხარშილაძემ მუქარის შემცველი გზავნილები გაუგზავნა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. შ.კ. თავდაპირველად პარლამენტთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი იმ აქციას გამოეყო. იგი მასზე ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. შ.კ.-მ სამართალდამცველ უწყებებს მედიის მეშვეობით მიმართა.