ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა

წულუკიანის პასუხისმგებლობაა, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული - რატომღაც ამ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხედავენ და გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

„თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ სასამართლოს დღეს გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე მართავს, მის კისერზეა, რომ სასამართლო მოქალაქეებისთვის სამართლის პოვნის ადგილად კი არა, უსამართლობის წყაროდ იქცა და მართლმსაჯულება ჩამოიშალა.

წულუკიანის პასუხისმგებლობაა ისიც, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული. რატომღაც ამ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ და ისევ გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი.

მინისტრს, რომლის ვერც ერთმა კადრმა ვერ გაამართლა როგორც მთავარ პროკურორად, ისე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ მოსამართლედ, ამხელა მანდატი ისევ უნდა მივანიჭოთ? არ არის მშვიდობა სამართლიანობის გარეშე და ეს ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც ეტყობა კიდეც, რომ შეშინებულია, მაგრამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა არაპროფესიონალიზმის გამო უჭირს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

უფლებადამცველი ასევე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებთ მოსამართლის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“.

„სამართლებრივად თუ შევაფასებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან და ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. ხელისუფლებისკენ გასროლილი პირველი სასიკვდილო ტყვია სწორედ სასამართლომ გაისროლა, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა ზაზა სარალიძის აღშფოთება და მის გვერდით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვისაც სურს პოლიტიკური კრიზისისგან სარგებლის მიღება, ეს ნაბიჯი გადაედგა?

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავად „ქართულმა ოცნებამ“ გადაუდგო მსუყე ლუკმა თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით. საგამოძიებო სტრუქტურები ყველა ქვეყანაში განვითარდნენ, ჩვენ კი მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, უარი ვთქვით, დაგვხმარებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები უწყებების რეფორმირებაში. ხელისუფლებას ურჩევნია, ჭაობში იჯდეს და იქიდან შეეცადოს საზოგადოების დაშინებას, უსამართლობასთან შეგუებას. ქვეყნის საკვანძო სტრუქტურები ჩამოშლილია, მართლმსაჯულება აღარ არსებობს და ამას უკვე თითოეული მოქალაქე საკუთარ ტყავზე გრძნობს.

პოლიტიკური პარტიების ზაზა სარალიძესთან გამოჩენამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ხელისუფლებამ და ამიტომაცაა მზად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად საბრძოლველად. ვნახოთ, რა რესურსი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - რეალურად, ახლა რუსთაველის გამზირზე ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ და უნდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა და ვის აქვს პროცესების მართვის რესურსი.

„ქართული ოცნება“ დღეს კრიზისშია და არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება. სამი დღის განმავლობაში, სანამ პარტიები გამოჩნდებოდნენ ზაზა სარალიძის გვერდით, უხერხემლობისა და სისუსტის გამო მთავრობამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ვერ გაბედა. ბევრი გაუბედურებული ოჯახია დღეს ქვეყანაში, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოსა და შსს-ს მუშაობით. თუ ეს სიბრმავე გაგრძელდება, ხელისუფლებას ვერ უშველის ზაზა სარალიძის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც კი მორიგი შანსი გამოჩნდება, ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა