დავით უსუფაშვილი - „შენების მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ორბიტაზე მყოფ ძალებთან“ არ ითანამშრომლებს

„შენების მოძრაობა“ ზაზა სარალიძეს სრულ და უპირობო მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ გეგმა წარადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის და რას აქვს „შენების მოძრაობის“ მხარდაჭერა და ვისთან თანამშრომლობისთვის არის მზად მოძრაობა.

„შენების მოძრაობის“ სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს ზაზა სარალიძის მოთხოვნას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროცესში და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის გამოვლენისა და სამართლიანი სასამართლოს მიერ მათი დასჯის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომელ აქციაზე ახმოვანებს ზაზა სარალიძე ამ მოთხოვნას, რომელ კონტექსტში, ვისთან ერთად და ასე შემდეგ, ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს და მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა.

ჩვენი მხარდაჭერა აქვს ძალადობის და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის ყველა მსხვერპლს მიუხედავად იმისა, რომელ წელსაა ჩადენილი ეს დანაშაული და რომელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ხელის დამფარებლები.

ჩვენი მხარდაჭერა აქვს სიმართლისა და სამართლიანობისთვის აქტიურ სამოქალაქო პროცესში ჩართულ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც გამოდიან ასპარეზზე, რათა ეს ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალონ.

ჩვენი მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებს, ვინც თვლიან, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება შესაძლებელია და სწორედ ამ გზით დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში.

ჩვენი მხარდაჭერა აქვს 2003 და 2012 წლების ცვლილებების მხარდამჭერ ადამიანებს, ვინც იდეალების ერთგულების გამო გაემიჯნა თავის დროზე იმ ხელისუფლებას და ახლა უკვე ამ ხელისუფლებას, რომლებმაც იდეალების საწინააღმდეგო სისტემები დაამკვიდრეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გამორიცხა თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ორბიტაზე მყოფ ძალებთან“.

„ჩვენი მოძრაობის მხარდაჭერა არა აქვს და ვერ ექნება „ოცნების“ ხელისუფლებას, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული უარი თქვა ყველა დაპირებაზე, წინამორბედი ხელისუფლების მიერ დატოვებული სისტემა პრაქტიკულად უცვლელად შეინარჩუნა და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.

ჩვენი მხარდაჭერა არა აქვს და ვერ ექნება მანკიერ სახელისუფლებო სისტემის შემქმნელებს და დღეს უკვე ნებისმიერ ფასად რევანშის სურვილით შეპყრობილ ყოფილ პრეზიდენტს და მის პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს.

ჩვენი მხარდაჭერა არა აქვს და ვერ ექნება სხვადასხვა აქციებზე და კონტრაქციებზე აქტიურობით გამორჩეულ იმ ადამიანებს, რომლებიც თავად ამკვიდრებენ იმას, რასაც ვითომ ებრძვიან. კერძოდ, ყოფენ საზოგადოებას მტრებად და მამულიშვილებად და ამკვიდრებენ სიძულვილის და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს ქვეყანაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებთ, „შენების მოძრაობა“ თანამშრომლობისთვის მზადაა ყველა იმ ადამიანთან, ვინც თვლის, რომ საქართველომ განვილილი 30 წლის განმავლობაში ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს - კერძოდ, რევოლუციების გზით სიარული ამ ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა