აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნა დაამტკიცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ თავის ბოლო სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა, დასკვნა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 7 მარტს შეიქმნა და რეგლამენტით განსაზღვრულ სამი თვეში დაასრულა მუშაობა.

„საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული აუდიტი მოიცავს ანგარიშს ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას წმინდა აქტივებში/კაპიტალში ცვლილებების შესახებ, ბიუჯეტის და ფაქტიური თანხების შედარების ანგარიშსა და მათთან დაკავშირებულ დანართებს,“ - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დროებითმა კომისიამ, უფლებამოსილების ფარგლებში, მოწვეული სპეციალისტებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. შედეგად გაცემულია: დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე ფინანსური ანგარიშგების ახსნა- განმარტებებით; დასკვნა შესაბამისობის აუდიტზე; შედგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანგარიში, აგრეთვე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციების შემოწმების შედეგების ანგარიში.

სამუშაო ჯგუფის წევრმა, გელა მღებრიშვილმა სხდომის მონაწილეებს გაწეული საქმიანობის, ასევე წინა დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ახალი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, წინა კომისიამ სულ რვა რეკომენდაცია გასცა, რომელთაგან ძირითადად ყველა შესრულდა. ერთი რეკომენდაცია კი - კრედიტორული და დებიტორული დავალიანების ჩამოწერის შესახებ- ნაწილობრივ შესრულდა. მომხსენებლის განცხადებით, ჩამოწერილია ყველა დავალიანება, გარდა სახელფასო ნაწილისა, და შესაბამისად ეს საკითხი ახალ რეკომენდაციაშიც აისახა.

დროებითმა კომისიამ შემოწმების შედეგად სახელმწიფო შესყიდვებსა და სხვა მოკლევადიან კერდიტორულ დავალიანებებში შეუსაბამობები გამოავლინა. თუმცა, როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობაში არსებითი ხასიათის შეცდომები არ ყოფილა. პარლამენტის ინფორმაციით, ხარვეზები და დარღვევები კანონმდებლობასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.

როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ფინანსური ანგარიშგება არის ნორმალური, შეესაბამება კანონმდებლობას და თანამედროვე სტანდარტებს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის დასკვნა მიღებულ იქნას კონსენსუსით, რადგან ყველა ქვეყანაში, როგორც წესი აუდიტთან მიმართებაში ცდილობენ, რომ ეს საკითხი რაიმე პოლიტიკურ თემას არ დაუკავშირდეს.

„არსებულ ფორმატში ეს არის ჩვენი ბოლო სხდომა. ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც უკვე წარმოდგენილია, აღარ ითვალისწინებს ასეთი კომისიის შექმნას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კონკურსის შედეგად შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტი შეამოწმებს, რათა ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოება გამოირიცხოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ კენჭისყრის შედეგად დასკვნას ერთხმად დაუჭირა მხარი. კომისიის დასკვნა პარლამენტს წარედგინება.

სხდომას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და მისი მოადგილეები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა