ფარული მიყურადების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით 326 მოქალაქის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს

6-7 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს საქმის არსებით განხილვას საქართველოს 326 მოქალაქის და სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ფარული მიყურადებისა და მოსმენის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოდან“ აცნობეს, საქართველოს 326-მა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის ივნისში სარჩელით მიმართა. მათივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რეგისტრაციის მომენტიდან სარჩელის განხილვის ოთხთვიანი ვადა ამოიწურა, სასამართლოს განხილვა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

„2017 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, კამპანიის მიერ მომზადებული ელექტრონული სარჩელი შეევსო. საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სარჩელების შეგროვებისა და სასამართლოში რეგისტრაციის პროცესს კამპანია „ეს შენ გეხება“ უწევდა ორგანიზებას.

ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როცა ასობით მოქალაქემ ერთობლივად ისარგებლა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და მოითხოვა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა. ეს მიდგომა ე.წ Class Action-ის სახელით არის ცნობილი და ხშირად გამოიყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში ადამიანებისათვის მწვავე პრობლემებზე რეაგირებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ცნობით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად, თუმცა საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაძლია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა