თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპი STYX კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ქართული კომპანია „სტიქსის“ (STYX) პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით შეიქმნა, ხელმისაწვდომი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ვებ გვერდის www.styx.ge მეშვეობით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, 2018 წლის ზაფხულში ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ტვირთის გაგზავნის მსურველებსა და გადამზიდავებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით დააკავშირებს. სისტემაში დარეგისტრირება ტვირთის გადაზიდვის ან გაგზავნის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ აპლიკაცია გადამზიდსა და ტვირთის გამგზავნს მისცემს საშუალებას, შუამავლების გარეშე, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად შეთანხმდნენ სერვისის პირობებზე.

„დღეს გადაზიდვების ქართულ ბაზარზე ქაოტური ფასები და ნულოვანი კომუნიკაციაა მომხმარებელსა და დამკვეთს შორის, ამიტომ როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიის შექმნაზე ვფიქრობდით, გამოსავალს IT სფეროში მივაგენით. შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ელექტრონულ სივრცეში გადაიტანს. გადამზიდებს საკუთარი ბიზნესის უკეთ მართვაში დაეხმარება, ტვირთის გამგზავნებს კი სწორი არჩევანის გაკეთებაში. გამგზავნსა და ყველა გადამზიდს ერთ ელექტრონულ სივრცეში ექნება კომუნიკაცია“,- განაცხადა STYX-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე ქურიძემ.

დამფუძნებლების თქმით, ონლაინ შეკვეთა, ელექტრონული გადახდა, ტვირთის დაზღვევა და რუკაზე live რეჟიმში ტვირთის ადგილსამყოფელის განსაზღვრა ქმნის კომფორტს მომხმარებლებისთვის. ორმხრივი შეფასების სისტემა კი, როგორც STYX-ის მომხმარებლებს, ასევე თავად კომპანიას ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კომპანიის ოპერაციების დირექტორი, ლაშა გორგოშიძე ამბობს, რომ აპლიკაციის ქართულ ბაზარზე ჩაშვების შემდეგ კომპანია STYX-ის სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც შედის. სწორედ ამიტომ, პროდუქტი უკვე აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

„პირველ ეტაპზე ვგეგმავთ პროექტის ქართულ ბაზარზე განხორციელებას, მომავალ წელს რეგიონალური მასშტაბით ვაპირებთ გაფართოებას და პერსპექტივაში გვსურს გავხდეთ საერთაშორისო კომპანია. საქართველო დამოუკიდებლობის დღიდან ცდილობს პოზიციონირებას, როგორც სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ჰაბი. ქვეყანაში უკვე მეორედ ჩატარდა აბრეშუმის გზის ფორუმი, ხორციელდება ანაკლიის პორტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტები. თუმცა ქართული ლოჯისტიკური ბაზარი არ არის მზად ასეთი გამოწვევებისთვის“, - განაცხადა ლაშა გორგოშიძემ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე ელექტრონული პლატფორმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთწლიანი მუშაობის შედეგია. გარდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა STYX-ის მხარდამჭერია USAID-ის „პროექტი ზრდა საქართველოში“. გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაცია დაეხმარება ქართულ ბაზარს გაჯანსაღებაში, რაც ქვეყნის ლოჯისტიკურ სფეროს უფრო სწრაფად განავითარებს.

პროექტზე გუნდი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს. STYX ბოლო ერთი თვის მანძილზე გახდა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული და პირველი ადგილი აიღო საერთაშორისო კონკურს Seedstars-ის ადგილობრივ ღონისძიებაზე. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში კომპანია მიიღებს 100 000 ლარს, რომელიც ახალი პროდუქტის შექმნისთვის დაიხარჯება, ასევე პროექტი წარმოადგენს საქართველოს Seedstars-ის გლობალურ სამიტზე შვეიცარიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა