არასამთავრობო ორგანიზაციები აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციები აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზანად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.

„გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გამოვლინდა სტუდენტებზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობა. სამართალდამცავები და ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცდილობენ გავლენა მოახდინონ სტუდენტების ნაწილზე, რომ მათ უარი განაცხადონ უკვე მიცემული ჩვენებების სისწორეზე და შეცვალონ მათი შინაარსი, რათა გამოძიება შეწყდეს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის არგუმენტით. მიგვაჩნია, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკიდურესად საგანგაშოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების სავარაუდო მცდელობა დანაშაულის შესაძლო მიჩქმალვისა და გამოძიების შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე და ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან გამოძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„არა ფობიას“ მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;

გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომების მოკვლევა. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაასაჯაროოს გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები.

საქართველოს პროკურატურას: შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან/და ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. გამოძიების მიმდინარეობისას გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, გადასცეს საქმის გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფს.

განცხადებას ხელს აწერენ: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF), კავშირი “საფარი”, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს