ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებზე იმჯელეს, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღიარება. სამინისტროს ცნობით, ამის განხორციელებას ინკლუზიური განათლების სპეციალისტებიც ითხოვდნენ.

კანონის ამოქმედების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც სისტემაში მომუშავე დანარჩენი კატეგორიის პედაგოგები სარგებლობენ. სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტორი მათთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტის შემუშავება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალური მასწავლებლის ტერმინი პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

სწორედ ამიტომ, ის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება. სპეციალური მასწავლებელი იქნება პირი, რომელიც სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის. მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაზუსტდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სხვა ისეთი ტერმინებიც, როგორებიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ა.შ. ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონპროექტში დაზუსტდება ახალი ტერმინების განმარტებები - ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ყველა ეს ცვლილება ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებას, სწავლის თანაბარ შესაძლებლობას, მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბებასა და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის დანერგვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო