მოსწავლეებისთვის დღეს მეცნიერების ფესტივალი გაიმართება

„ისთ-ფოინთის“ სივრცეში, დღეს, მეცნიერების STEM ფესტივალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალში წელს ასობით მოსწავლე იქნება ჩართული.

მათივე ინფორმაციით, ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა. აქვე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გამოგონება და ისეთი პროექტები, რომლებში ჩართვასაც ბავშვები თავად შეძლებენ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაათვალიერონ სხვადასხვა სტენდები, არამედ თავად მიიღონ მონაწილეობა ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის ცდებსა და ექსპერიმენტებში.

„უკვე 10 წელზე მეტია IYIPO-ს საორგანიზაციო კომიტეტი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს სთავაზობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. წელსაც STEM ფესტივალის ფორმით გადავწყვიტეთ წაგვეხალისებინა მოსწავლეები. ბავშვებისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობა მოტივაციაცაა ახალი გამოგონებები შექმნან და სხვა მოსწავლეებიც ჩართონ სახალისო და მარტივი ცდების ჩატარებაში“, - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საფეთ ბაირაქთუთანმა.

ორგანიზატორების ცნობით, წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, ჯამში დამთვალიერებელი 60 საინტერესო ექსპერმენტსა და ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.

„ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტში 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თანატოლებს საინტერესო მიგნებებსა და პროექტებს თავადვე გააცნობენ.

STEM ფესტივალი თბილისში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება და იგი 9 ივნისს, 16.00 საათიდან ისთ-ფოინთში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. წარმოდგენილი პროექტები მოიცავს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.

STEM ფესტივალის მხარდამჭერია: სკოლა-ლიცეუმი სხივი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს