არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში სულ უფრო მზარდია

საქართველოს პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში სულ უფრო მზარდია და ეს კიევის კონფერენციამაც დაადასტურა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, უმრავლესობის ლიდერმა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში „პოლიტიკური დიალოგი და კონსესუსის შენება“ მიიღო მონაწილეობა. მათივე ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან აახლოებს.

„ევროკავშირსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პარლამენტების ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რაც რთულია ცალ-ცალკე, უფრო ადვილი მისაღწევია ერთიანი ძალისხმევით. კიევის კონფერენციამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის როლი მზარდია ევროინტეგრაციის პროცესში. ირაკლი კობახიძის გზავნილებიც იყო სწორედ მტკიცე თანამშრომლობისთვის საქართველოს მზაობა. პარლამენტს და პარლამენტში არჩეულ ადამიანებს აქვთ საზოგადოების და ამომრჩევლის ლეგიტიმაცია და შესაბამისად, პარლამენტების ჩართვით, ამ პროცესში ხდება ამ ლეგიტიმაციის გაერთიანებაც. ეს მნიშვნელობა აქვს ამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნას. დღეს იყო საუბარი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, უსაფრთხოებაზე, საქართველოსთან საიმედო პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენთან თანამეგობრობას აქვს და ვფიქრობ, მიუხედავად ჰიბრიდული საფრთხეებისა, მიუხედავად ტერიტორიული ოკუპაციისა და იმ გამოწვევებისა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, დღეს კიევის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი და პროგრესული მონაწილე ამ პროცესში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პანელურ დისკუსიაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ერთად, მონაწილეობა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ ანდრიი პარუბიმ, ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა პატ კოქსმა, ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, ჰიუგ მინგარელმა, ლიეუტვის სეიმის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა და ექსპერტმა პიტერ ვანჰუტმა მიიღეს. დისკუსიას მოდერირებას ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩუსი უწევდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა