კომპანია "ატლანტიდის" ადვოკატი - ადგილობრივებმა მიიჩნიეს, რომ უცხოელი პარაპლანისტები მათ ხელს უშლიან- ეს კონფლიქტიც ამის საფუძველზე დაიწყო

ადგილობრივებმა მიიჩნიეს, რომ უცხოელი პარაპლანისტები მათ ხელს უშლიან. ეს კონფლიქტიც ამის საფუძველზე დაიწყო, - ამის შესახებ კომპანია "ატლანტიდის" ადვოკატმა, ნუგზარ ბირკაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნული კომპანია გუდაურში პარაპლანით ფრენებს ახორციელებს და მას უკრაინის მოქალაქე მიხაილ ლუტი ფლობს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის ადგილი, საიდანაც უკრაინელი და რუსი პარაპლანისტები ხტომებს ახორციელებენ, კომპანია „ატლანტიდას“ ტენდერით აქვს მოგებული და სარგებლობისთვის წელიწადში დაახლოებით 50 000 ლარს იხდის.

„ის ადგილი, საიდანაც ხტომები ხორციელდება, ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო ყველასთვის. ამიტომ გასულ წელს ტენდერი გამოცხადდა და მასში კომპანია "ატლანტიდამ" გაიმარჯვა. შედეგად, ამ ადგილით სარგებლობისთვის ეს კომპანია წელიწადში დაახლოებით 50 000 ლარს იხდის. ტურისტულ კომპანიებს "ატლანტიდასთან" ხელშეკრულებები აქვთ დადებული და სწორედ ამიტომ ამ ორგანიზაციებს ტურისტები სწორედ მათთან მოჰყავთ. გარდა იმისა, რომ უკრაინელმა ძმებმა მიხაილმა და ანატოლიმ ეს ადგილი ცივილურად მოაწყვეს, ისინი ამ საქმით არიან დაკავებული დაახლოებით 19 წელია. თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ტურისტულმა ჯგუფებმა იციან ეს.

პარაპლანით მომსახურება დაახლოებით 250 ლარი ღირს და ამდენად, ეს ბიზნესი საკმაოდ სარფიანია. ამ საქმით დაკავებული არიან სხვა ადამიანებიც, მათ შორის ადგილობრივები, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ სხვა პარაპლანისტები მათ ხელს უშლიან. კონფლიქტიც ამის საფუძველზე დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები კანონს არ არღვევენ, პატიოსნად იხდიან ბიუჯეტში გადასახადს და ტურისტებს მაღალ დონეზე ემსახურებიან“, - განაცხადა ნუგზარ ბირკაიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მხარის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაპირდა, რომ ინციდენტის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა გუდაურში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ოთხი ადგილობრივი დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს.

გამოძიება ჯგფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო