გენადი მარგველაშვილი - იყო ოლიმპიადის მონაწილე, ეს უკვე გამარჯვებაა, იყო წარმატებული მონაწილე, ეს ორჯერ უფრო მეტია

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის, „გახდი ოლიმპიელი 2018“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ოლიმპიადა უკვე მესამე წელია, რაც ტარდება. წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო მე-6 კლასის 1400-მდე მოსწავლემ. “გახდი ოლიმპიელი 2018”-ის ფინალურ ტურში 67 მონაწილე გადავიდა. ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, რომელთაც პრიზები გადაეცათ.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულს, ოლიმპიადის მთავარ პრიზთან ერთად, გადაეცა ქართველი მოქანდაკის, ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული ჯილდო.

საშუალო საფეხურიდან (10-12 კლასები) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მათემატიკის მოყვარული მოსწავლეები მონაწილეობას ირებდნენ საერტაშორისო მათემატიკის ოლიმპიადებში ( IMO), 2017 წელს საქართველოს გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია - ექვსივე მონაწილე გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული. მოსწავლებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს 111 ქვეყანას შორის, საქართველო 12-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-2-3 ადგილზე.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა დაჯილდოების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„დღეს გახარებული ვარ იმიტომ, რომ თქვენთან ვარ, როგორც თქვენი ოჯახის წევრი. მინდა, მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეების გვერდით არიან, ასევე, მშობლებსა და მოსწავლეებს იმისათვის, რომ აირჩიეს ეს შრომით სავსე, არცთუ ისე მარტივი გზა. იყო ოლიმპიადის მონაწილე, ეს უკვე გამარჯვებაა, იყო წარმატებული მონაწილე, ეს ორჯერ უფრო მეტია. მე თქვენ წინაშე ხუთი როლით მიწევს გამოსვლა: როგორც მოსწავლეს (თავის დროზე მსგავს ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლე ვიყავი), როგორც მასწავლებელს (19 წლის განმავლობაში ჩემმა 10-ზე მეტა მოსწავლემ გაიმარჯვა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე)) როგორც დირექტორს (წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას), ასევე, წარმოდგენილი ვარ როგორც მშობელი, რადგან ჩემი შვილებიც საერთაშორისო ნაკრებში მოხვდნენ, დაბოლოს, ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც კურირებს ამ მიმართულებას“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

გენადი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსგავსი ოლიმპიადები თანაბრად მიწვდომადი იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა მე-6 კლასელისთვის და არამარტო.

„რადგან ნიჭი სწორედ თანაბრადაა გადანაწილებული როგორც თბილისში, ქუთაისში თუ ბათუმში, ასევე ნებისმიერ სხვა ქალაქსა თუ რაიონში. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ ეს წვდომადობა იყოს მაქსიმალური, რათა საბაზო საფეხურის სწავლება იყოს იმ ტიპის კრეატივით, რომელიც ამ ოლიმპიადის ამოცანებშია“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს