დიმიტრი ცქიტიშვილი - რეზოლუციას ევროპული პოლიტიკის წარმმართველი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს

სტრასბურგში, ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა დასრულდა, სადაც ევროპარლამენტარები 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რეზოლუციას მხარს უჭერს პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეს ევროპულ პოლიტიკას წარმართავენ.

„რეზოლუციის ტექსტი იქნება მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოში არის განხორციელებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ზოგადად და მისი უკანონო ანექსიის მცდელობები. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ზრუნვის და შეშფოთების საგანი იყო, მოხვედრილია ამ ტექსტში, მათ შორის ხაზგასმით არის აღნიშნული ოთხოზორია-ბაშარულის საქმე, ასევე არის მოწოდება, რომ გაიზიარონ ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა ის სია, რომელიც ჩამოყალიბდა. რეზოლუციის ტექსტში ნახსენებია საქართველოს პარლამენტის ერთობლივი, მრავალპარტიული რეზოლუცია. ნახსენებია კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ასევე დაუსჯელობის სინდრომი, გამოუძიებელი საქმეები, გადაადგილების შეზღუდვა. ყველა ის საკითხი, რომელიც აქამდე ისმებოდა ამ ტექსტში მოხვდება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი შეფასებით, ევროპის ყველაზე მაღალ დემოკრატიულ ინსტიტუციაში, რეზოლუციას ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს და ამიტომაც ამ დოკუმენტს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

„პოლიტიკურად ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს არის მრავალპარტიული მხარდაჭერა. რეზოლუციას მხარს უჭერს, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეს წარმართავენ ევროპულ პოლიტიკას. ეს არის სოციალისტები და დემოკრატები, სახალხო პარტია, კონსერვატორები, ლიბერალები, მწვანეების პარტიები. არ ვიცი რადიკალური ფრთის პოზიციები როგორი იქნება, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს სულისკვეთებას, ეს სულისკვეთებაა საქართველოს მხარდაჭერის და რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკის ევროკავშირში, ევროპის ყველაზე მაღალ დემოკრატიულ ინსტიტუციაში და ამიტომაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო