ფედერიკა მოგერინი - ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას

საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ არ შეგვიჩერებია მუშაობა მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სესიაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა დებატები, თემაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“. „ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი ცენტრალური მოთამაშეა კონფლიქტის შედეგების მართვაში, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, „ევროკავშირს სპეციალური როლი აკისრია, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო“. „დღეის მდგომარეობით ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების აუცილებელი ფუნქცია შეასრულა“, - აღნიშნა მოგერინიმ.

ფედერიკა მოგერინიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროკავშირი განაგრძობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების დაგმობას“. „ახლახან სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ასევე გამოაცხადა, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ დაუყოვნებლივ დავგმეთ ეს ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ეს მხოლოდ გაართულებს კონფლიქტის გადაჭრის მიღწევას. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა ქმედება მიმართულია რეგიონში ყველა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს ჟენევის მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე. ამ დისკუსიებში პროგრესი შეზღუდულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, არამედ ასევე იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად ამისა, დისკუსიების წყალობით უსაფრთხოების ვითარება ადგილზე შედარებით მართვადი გახდა“, - აღნიშნა მოგერინიმ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფედერიკა მოგერინიმ რუსეთს შეახსენა, რომ ამგვარი სიტუაცია მიუღებელია. „ეს მიუღებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ გავლენას ახდენს ორივე რეგიონში, საქართველოში და სრულიად რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენი მიდგომაა სეპარატისტული რეგიონები საქართველოში ჩვენს პროგრამებში ჩავრთოთ, როდესაც ეს შესაძლებელია. ეს ეხება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და პროფესიული გადამზადების ჩვენს პროგრამებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას მხარეებს შორის. ყველა ჩვენი ქმედება ამ ორ რეგიონში სრულად კოორდინირებული და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკა არაღიარების და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას. ომიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ არ ვჩერდებით და არ გავჩერდებით ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღწევად“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა