ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.25 %-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.25 პროცენტზე დატოვა, - შესაბამისი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა.

როგორც სებ-ში განმარტავენ, არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს და ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს.

„ბოლო პერიოდში რეგიონის ფინანსურ ბაზრებზე მაღალია მერყეობა, რომლის ფონზე გაზრდილია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივ შერბილებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.

ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ აპრილში წლიურად 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ ოთხ თვეში კი 5.5 პროცენტი იყო. წინასწარი მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებულზე უფრო მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დააჩქარებს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებას მის პოტენციურ დონესთან.

ეკონომიკის გაჯანსაღების კვალდაკვალ, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის ხუთ თვეში საგრძნობლად დაჩქარდა და წინასწარი მონაცემებით, 23 პროცენტი შეადგინა, რაც ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, საგარეო სექტორში პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება. წლის დასაწყისიდან მაღალი ტემპებით იზრდება საქონლის ექსპორტი (28 პროცენტი) და ტურისტული შემოსავლები (25 პროცენტი), ასევე ნარჩუნდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (21 პროცენტი).

ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სებ-ში აცხადებენ, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 25 ივლისს გაიმართება.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)