რამაზან ბაირამთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სახელით, საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა

რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად რესტორან „ქართულ სახლში“ „იფთარი“ (ვახშამი) გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული „იფთარი“ ტრადიციული სახისაა და წელს მეხუთედ აღინიშნება.

მათივე ცნობით, ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები დაესწრნენ.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ.

„ძვირფასო მუსლიმებო, გილოცავთ რამაზანის თვეს. დღეს უკვე მერამდენედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს საქართველოს მუსლიმ თემს „იფთარის“ ვახშამზე. ეს სიმბოლური თავყრილობა, რომელიც ჩვენს ტრადიციად ჩამოყალიბდა, ნათლად გამოხატავს ქვეყანაში საქართველოს მუსლიმი თემის მნიშვნელობას, ადგილსა და სახელმწიფოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. უნიკალურია საქართველოს მუსლიმი თემი. ქართველი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ლეკი, ჩეჩენი მუსლიმები, შიიტები და სუნიტები, დღეს ერთ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებულნი და მეჩეთში ერთად ლოცულობენ.

აუცილებლად მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნიდან სულ მალე მყარი საფუძველი ჩაეყარა მუსლიმ თემთან სახელმწიფოს თანამშრომლობასა და სრულფასოვან, საქმიან დიალოგს, რამაც საშუალება მოგვცა მოკლე დროში გადაგვეწყვიტა თემის წინაშე წლების განმავლობაში არსებული პრობლემები: ტოტალიტარული რეჟიმის დროს განცდილი დევნის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად მუსლიმი თემი, სომხურ, ებრაულ და რომაულ-კათოლიკურ თემთან ერთად, უკვე მეხუთე წელია სახელმწიფოსაგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას. ამ დროისათვის მუსლიმი თემისათვის სულ გადაცემულია 11 მლნ 550 000 ლარი. შეუქცევადად მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებისა და რეგისტრაციის პროცესიც. დღეისათვის მუსლიმი თემისათვის გადაცემულია 202 მეჩეთი, რაც მათ თავიანთი რელიგიური უფლებების სრულფასოვანი განხორციელებისა და საკულტო ნაგებობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. აქვე დავსძენ, რომ სახელმწიფომ ბათუმში შეიძინა და მუსლიმთა სამმართველოს გადასცა ორი შენობა სამუფტო რეზიდენციისა და მუსლიმური სასწავლებლის განსათავსებლად. საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებში ქუთაისში, ხონში, სენაკში, ბათუმში, მარნეულსა და ვაზიანში მოეწყო მუსლიმური სამლოცველოები, პენიტენციურ სისტემაში ყველგან ფუნქციონირებს სალოცავი ოთახები მათთვის. სხვადასხვა ჰუმანიტარული, სამედიცინო თუ ინტერრელიგიური აქცია ჩატარდა სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და პანკისში. მუსლიმთა სამმართველოსა და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით რეკონსტრუქცია - რესტავრაცია ჩაუტარდა სოფელ დუისის სარიტუალო სახლს, განხორციელდა სხვა ერთობლივი აქტივობებიც.

მიუხედავად ამისა, მუსლიმი თემის წინაშე მდგარი გამოწვევები ჯერ მთლიანადა არაა დაძლეული. შესაბამისად სააგენტო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობისა და თანამონაწილეობისათვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ თავად მუსლიმ თემსა და მათ სასულიერო ლიდერებს.

ჩვენ ყველა ერთად ვართ პასუხისმგებლები იმ მდიდარი მემკვიდრეობის განმტკიცებაზე, რაც წილად გვხვდა და იმ გამოწვევებზე, რაც მიმდინარე პერიოდში ჩნდება. სწორედ ამიტომ, ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს იმ წვლილს, რაც საქართველოს მუსლიმ თემს ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საქმეში შეაქვს. ჩვენს მუსლიმ თანამოქალააქეებს შეუძლიათ უფრო განამტკიცონ საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების საქმე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში აქტიური ჩართულობით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზანის თვეს, დამდეგ რამაზან- ბაირამის დღესასწაულს. სიძლიერესა და სულიერ სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს