ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2018

"ლოგიკური იქნება, თუ ამ გადადგომას ვადამდელი არჩევნები მოჰყვება"

"გახარია , ბახტაძე, თუ ცქიტიშვილი..." - ვინ იქნებიან საქართველოს ახალი პრემიერი და მისი გუნდი

მკურნალობა თანდათან შეუძლებელი ხდება - ჯანდაცვა ძალიან გაძვირდა

* * *

"ლოგიკური იქნება, თუ ამ გადადგომას ვადამდელი არჩევნები მოჰყვება"

"პრემიერმინისტრობიდან წასვლის ტაიმერმა დარეკა - გიორგი კვირიკაშვილი პოსტიდან გადადგა, როგორც თავად განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან "ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებებისა" და გუნდთან მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. შესაბამისად, გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. ახლა დაიწყო ვარაუდების გამოთქმა, ვის დანიშნავს ივანიშვილი მომავალ პრემიერ-მინისტრად და ვის გაუშვებს მინისტრთა კაბინეტიდან. უკვე სახელდება მომავალი პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატები - გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და მაია ცქიტიშვილი. ვინ იქნება მათგან მთავრობის ახალი მეთაური, მაქსიმუმ, 7 დღეში გაირკვევა, რადგან, კონსტიტუციით, არაუგვიანეს 7 დღის ვადაში პრემიერის კანდიდატურა პრეზიდენტს უნდა წარედგინოს და შემდეგ იწყება მთავრობის წევრების შერჩევისა და წარდგენის პროცედურები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ლოგიკური იქნება, თუ ამ გადადგომას ვადამდელი არჩევნები მოჰყვება".

"პრემიერმინისტრობის უკვე დასახელებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საყურადღებოა ერთი რამ. გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად შეეხებოდა მის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და თუკი გუნდთანაც და ივანიშვილთანაც დაპირისპირება ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რთულ ვითარებას უკავშირდებოდა, გამოდის, რომ წარუმატებლობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკონომიკური გუნდის მინისტრებსაც ეკისრებათ. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუკი ეკონომიკური პოლიტიკის გამო მიდის კვირიკაშვილი, მას უნდა მიჰყვეს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც 2016 წლიდან - ჯერ ფინანსთა მინისტრი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრია. ასევე, ეკონომიკურ გუნდში 2017 წლის ნოემბრიდან შედის მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრია. ხოლო 2016 წლის ნოემბრიდან 2017 ნოებრამდე ეკონომიკის მინისტრი იყო გიორგი გახარია და მათგან რომელიმეს პრემიერ-მინისტრად დასახელება, ძაბირაძის თვალსაზრისით, გაუგებარიც კი იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"წესით, კვირიკაშვილს უნდა მიჰყვეს, მაგალითად, ქუმსიშვილი, მაგრამ ივანიშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება. არადა, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად იმავე ეკონომიკური გუნდიდან ვიხილოთ მომავალი პრემიერი. დღემდე გაუგებარია, ღარიბაშვილი რატომ გადადგა, დღემდე იცის ვინმემ? ახლა მთავრობის შეცვლას არ ველოდი და ლოგიკური იქნება, თუ ამ გადადგომას ვადამდელი არჩევნები მოჰყვება, სხვა შემთხვევაში ამ ცვლილებას არანაირი აზრი არ აქვს", - აცხადებს ძაბირაძე. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილი, ძალიან დიდი ხანია, ეკონომიკურ გუნდშია და ის უნდა მიჰყვეს კვირიკაშვილს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბახტაძეს ან გახარიას. ამდენად, ბახტაძის ან გახარიას შესაძლო გაპრემიერებას ალოგიკურობად არ ჩათვლის", - განაგრძობს გამოცემა.

"როდესაც ბახტაძე ან გახარია დაინიშნნენ ამ თანამდებობებზე, ეს მხოლოდ ეპიზოდებია და ეკონომიკური პოლიტიკა უკვე ფორმირებული იყო. მათ ამ პოლიტიკაში რაიმეს შეცვლის კომფორტი არ ჰქონდათ და ისინი ასრულებდნენ იმ გეგმას, რაც მანამდე მინისტრთა კაბინეტს ჰქონდა. ასე, რომ მათ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ არის სისტემური პასუხისმგებლობა. ქუმსიშვილმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა... ივანიშვილისკენ კი არ იყოს ხელის გაშვერა, არამედ მთავრობა უნდა იყოს ფუნქციონალური და თავად აგებდეს პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ერთიანი გაწერილი გეგმის ფარგლებში. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს თანამოაზრეთა გუნდი და არა რაღაც ეკლექტური, როგორიც იყო, სამწუხაროდ. ასე, რომ პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, ამასაც კი არ აქვს მნიშვნელობა... კვირიკაშვილის წასვლის განცხადების გაგება შეუძლებელი იყო. იგი არის სტრესში მყოფი ადამიანი და რას ლაპარაკობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. არ მინდა, წაქცეულს ზედმეტად ცუდად მოვექცე. მისი გადაყენების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანი ლიდერი არ არის, მართვის უნარი არ აქვს და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება და ფიგურების გადაადგილება არ იქნება და იქნება ფუნქციონალური, სისტემური ცვლილება. ამ გადადგომას არანაირი კავშირი არ აქვს იმ აქციებთან, რაც ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ. მართალია, მას აქციაზე ბოთლები ესროლეს და ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ესეც რომ არ მომხდარიყო, მისი გაშვების გადაწყვეტილება მაინც მისაღები იყო, ჩემი აზრით", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"საგულისხმოა, რომ კვირიკაშვილის გადადგომას ჯერ კიდევ სამშაბათს ელოდა მთელი მედია, როდესაც "ქართული ოცნების" ოფისში 3-საათიანი სხდომა გაიმართა, თუმცა ამ სხდომიდან გამოსული "ოცნების" დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ვინმეს გადადგომაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, განხილვა შეეხებოდა "იუნისეფის" მიერ დილით გამოქვეყნებულ კვლევას, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელმა მოიმატა. "ოცნების" დეპუტატების განცხადებების პარალელურად გუშინვე გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ მთელი სხდომა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა და მას ეკონომიკური პოლიტიკა დაუწუნეს. გარდა ამისა, მთავრობის გადადგომის აუცილებლობაზე განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. ასევე, სხდომის მსვლელობისას დიდ პოლემიკაზე ისაუბრა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია, არ უნახავს". ამ განცხადებების ფონზე გაჩნდა კიდეც მოლოდინი, რომ კვირიკაშვილის კრიტიკას მწვანე შუქი აენთო და ის მალე დატოვებდა თანამდებობას. საღამოს კი საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან მიდიოდა, გადადგომის მიზეზად კი მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა და თქვა, რომ ახლა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა", - დასძენს გამოცემა.

"გარდა ამისა, კვირიკაშვილის თქმით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად კი მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა გუნდის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ "ძალიან კარგად იცის, როგორ უჭირს ხალხს" და რომ არა მისი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იქნებოდა უფრო მძიმე. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ზუსტად 2 თვის წინ თქვა, რომ მისი წასვლის ტაიმერი წლები არ დარეკავდა და კანცელარიის მე-11 სართულს სულ ტყუილად დასტრიალებდნენ ვიღაც-ვიღაცები ყვავ-ყორნებივით, მაგრამ ამ დაქადნებიდან 2 თვის შემდეგ ტაიმერმა დარეკა და მას თანამდებობიდან წასვლა მაინც მოუწია", - წერს სტატიის ავტორი.

"გახარია , ბახტაძე, თუ ცქიტიშვილი..." - ვინ იქნებიან საქართველოს ახალი პრემიერი და მისი გუნდი

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მთელი მთავრობა გადამდგარია, მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე კი ძველ შემადგენლობას აკისრია მოვალეობის შესრულება. ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღეში დაასახელებს. სავარაუდოდ განიხილება სამი კანდიდატურაL შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. სამთავრობო ცვლილებებსა და იმაზე, ვინ შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი, "რეზონანსი" ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გახარია , ბახტაძე, თუ ცქიტიშვილი..." / ვინ იქნებიან საქართველოს ახალი პრემიერი და მისი გუნდი.

"საკადრო ცვლილება გარდაუვალი იყო, ახლა კი ყველაფერი დამოკიდებულია სელექციაზე. თავისთავად ეს ძიება და მასთან დაკავშირებული კაზუსები სულაც არ ყოფილა მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხი - ცა საქართველოს თავზე დიდი ხანია მოქუფრულია. ასე რომ არ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებდა და ვერ დააჯერებდა დიდ პოლიტიკაში მისი დაბრუნების აუცილებლობაზე... ცხადია, მას არც პარტიის თავმჯდომარეობა მოენატრა, არც ხელისუფლების ხიბლი. მაგრამ ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, რომ გამოსაშვები ორთქლის გამოშვება აუცილებელია, თანაც მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის პირადი პრესტიჟის ბარომეტრად იქცა მოსახლეობის მძიმე ყოფის შედარებით გაუმჯობესების საკითხი, რასაც ცვლილება და რეფორმები სჭირდება. ეს პროცესი იწყება ახალი კადრებით. გენერალური პროკურორის გადადგომა, პრაქტიკულად, არაფრის შემცველი რიტუალური ხარკი იყო. ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისგან ელოდა სერიოზულ საკადრო ცვლილებას. ასე რომ, სამთავრობო ცვლილებების გარდაუვალი იყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

"ის, რომ მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერი და თავად პარტიის თავმჯდომარე და თავად პარტიის თავმჯდომარე შეიკრიბნენ და 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ "იუნისეფის" კვლევაზე, აბსურდი და სასაცილო იყო იმ ფონზე, როცა ყველამ იცოდა, რომ სამთავრობო ცვლილება მოხდებოდა. მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, რომ კვირიკაშვილს წასვლა არ უნდოდა და მისი გუნდი ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. ეს იტო წინააღმდეგობის გაწევის კლასიკური ნიმუში. პრემიერს თავისი დაჯგუფება ჰყავდა რამდენიმე მინისტრის სახით, სხვებიც გადაიბირა და შეიკრა ბირთვი. პარლამენტშიც არის გაერთიანებული რამდენიმე ფრაქცია, რომელთაც პოზიციები გამყარებული აქვთ და სადავეების ხელში აღება სურთ. კულმინაციური სიტუაცია იყო შექმნილი - მცდელობა სასახლის გადატრიალებისა. მოხდა ის, რომ კვირიკაშვილი გადადგა. მოდის ახალი სამთავრობო გუნდი, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ვფიქრობ, რომ მისი კანდიდატურა დასახელდება - მან შეძლო პირველივე საპროტესტო ტალღის ანუ კრიზისული სიტუაციის განმუხტვა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებამდე შეიძლება მისულიყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

"მას შეუძლია აზრის ცივილურად ჩამოყალიბება და გარკვეული ძალების მართვა, რაც გამოჩნდა ამ აქციაზეც, რომელმაც მიიღო გახარია. ნებისმიერი ლიდერის ჩასვლა საპროტესტო აქციაზე გამოწვევის წინაშე დგომაა და ეს მას გამარჯვებად უნდა ჩავუთვალოთ. მეორე ტალღა იყო რუსთაველზე შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად გამართული აქცია, რომელიც შემდეგ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მოძრაობის მიერ იმართებოდა. მათ სურდათ უკრაინის სცენარი გადმოეტანათ, მაგრამ როგორც უკრაინაში ჩაფლავდა, ისე ჩაფლავდა თბილისშიც. შს სამინისტრომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ხელახალი გამოძიება ეფექტურად დაიწყო. მან შემოიღო მართვის ახალი სტილი, მეტი ტრანსპარანტულობითა და ნაკლები ბიუროკრატიული გადაწყვეტილებით და აშკარად ჩანს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ეფექტურად და ოპტიმისტურად, რაც "ოცნების" გუნდის ჩავარდნა იყო ყოველთვის", - განაგრძობს ექსპერტი.

"მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალბათ საპროტესტო აქციებამდეც განიხილებოდა, რადგან იგი ჯერ შს მინისრდა დაინიშნა, როგორც ეს ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა, რომელიც შემდეგ დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ალბათ, აქაც ეს მოდელი იქნება - ჯერ არის სელექცია და შემდეგ დანიშვნა. გიორგი გახარიას გუნდი, სადაც შეიძლება ვიხილოთ კახი კახიშვილი, მაია ცქიტიშვილი და სხვა პროფესიონალი კადრები, იქნება ძალიან წარმატებული გუნდი საქართველოს უახლოეს ისტორიაში", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

მკურნალობა თანდათან შეუძლებელი ხდება - ჯანდაცვა ძალიან გაძვირდა

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიოლდა, თუმცა ლარის დევალვაციასთან ერთად ვითარება მკვეთრად გაუარესდა და დღეს პაციენტები ისევ იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც 6-7 წლის წინ იყვნენ. მკურნალობა მათთვის თანდათან შეუძლებელი ხდება. ბოლო 2-3 წელიწადში თითქმის 100%-ით გაძვირდა ექიმთან ვიზიტი. ყოველ წელს მატულობს მედიკამენტების ღირებულება, ოპერაციებისა თუ სხვა სამედიცინო მანიპულაციების ფასი. ხალხს კი შემოსავალი სულ უფრო უმცირდება. შესბამისად, უკმაყოფილებაც მუდმივად მზარდია. მართალია, არსებობს კერძო დაზღვევა, მაგრამ თუ შრომისუნარიან ადამიანს სტაბილური შემოსავალი არ აქვს, რთულია ისარგებლოს ამ მომსახურებით. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვას არის შეჩერებული, რომელსაც თანდათან აკლდება მომსახურება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მკურნალობა თანდათან შეუძლებელი ხდება / ჯანდაცვა ძალიან გაძვირდა. პაციენტები ამბობენ, რომ ისეთივე მდგომარეობამდე მივიდნენ, როგორც 6 წლის წინ იყვნენ.

"ჯანდაცვა პრიორიტეტული არც ერთი მთავრობისთვის არ არის. წინა ხელისუფლებაი დროს წამოწყებული პროექტი "100 ახალი საავადმყოფო" არ განხორციელდა. შემდეგ ახალმა მთავრობამ შემოიღო საყოველთაო დაზღვევა, თუმცა გაჭირვებული ხალხისთვის არც ესაა დიდი შეღავათი, ვინაიდან მაინც უწევთ საფასურის რაღაც ნაწილის გადახდა. თანაც რაც არ ფინანსდება, ყველაფერზე ფასი მკვეთრად არის გაზრდილი. ქვეყნის ეკონომიკას თუ გადავხედავთ და შემდეგ ჯანდაცვაში არსებული მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულებას, ცხადზე ცხადია, რომ დიდი შეუსაბამობას ვაწყდებით. ხალხს შემოსავალი უმცირდება და ხარჯი ეზრდება. აქედან გამომდინარე, ნორმალური მკურნალობა გამორიცხულია", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას 49 წლის გურამ შიუკაშვალი. მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე ვითარება ჯანდაცვის სფეროში უარესდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"პირველ რიგში, ცნება "საყოველთაო დაზღვევა" სჯობს შევცვალოთ "სახელმწიფო პროგრამით", ვინაიდან საყოველთაო პრინციპი სულ სხვაა და საქართველოში არ გვაქვს. 2017 წელს ჯანდაცვის სფეროში შევიდა ცვლილება და შემოსავლის მიხედვით ზოგიერთი ადამიანი (წლიური შემოსავლით 40 000 ლარი და მეტი) ამოვარდა ამ პროგრამიდან ან შეეზღუდა გარკვეული მომსახურება. წელს გაუარესებულია ვითარება და ასე იქნება შემდეგშიც. უკმაყოფილოთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არანაირ რეფორმას არ გეგმავს. ერთია, ჯანდავის ხელმისაწვდომობა და მეორე, რაზე ვრცელდება ის. ხშირად ეს არის უხარისხო სერვისი, კვალიფიკაციის პრობლემა და ა.შ. ასეულობით მილიონი ლარის ხარჯი, რასაც სახლემწიფო ეწევა წყალში გადაყრილია, რადგან სასურველ შედეგზე ვერ გავდივართ", - აცხადებს გამოცემის მორესპონდენტთან საუბრისას სერგო ჩიხლაძე.

"მონაცემებს თუ გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ არანაირ პოზიტიურ შედეგამდე არ ვართ მისული და არც სხვადასხვა დაავადების მაჩვენებელია შემცირებული. ცალკე პრობლემაა ზედმეტი ანალიზებისა და მედიკამენტების გამოწერა პაციენტისთვის. ექიმების ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ მეტი გამოკვლელვა დაინიშნოს, გაუშვან სხვა კლინიკებში, სადაც აქვთ ხელშეკრულება ან აფთიაქებში და ამით მიიღონ მოგება. აე არის მონოპოლიური სისტემა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არ გავაქვს ხარისხიანი და ხელმოსაწვდომი სერვისი", - დაასკვნის რესპონდენტი.

"თუმცა სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფო პროგრამას სრულიად სხვაგვარ შეფასებას აძლევენ. როგორც ოჯახის ექიმი ქეთევან კრაწაშვილი ამბობს, 100 მომხმარებლიდან 95 იტყვის, რომ საყოველთაო დაზღვევით კმაყოფილია. მისი თქმით, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობას მიეცა საშუალება მივიდეს ექიმთან და ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით, რაც ადრე დიდი პრობლემა იყო. უკმაყოფილება დიდად არ იგრძნობა, ვინაიდან ის ფენა ვისაც უჭირს, კვლავინდებურად აგრძელებს სარგებლობას ამ პროგრამით და შარშანდელი ცვლილება, პირიქით, მათ სასარგებლოდ გატარდა - "მედიკამენტები ნამდვილად გაძვირდა და სამედიცინო მომსახურების ნაკლია ის, რომ ინიშნება გაცილებით მეტი წამალი ვიდრე საჭიროა. მოსაზრება, რომ ოჯახის ექიმთან ვიზიტი გაძვირდა სინამდვილეს არ შეეფერება. დაზღვევის ფარგლებში ეს უფასოა და თუ ადამიანი არაა დაზღვეული, პოლიკლინაში მისვლისას იხდის 15-20 ლარს და კერძო კლინიკებში რა ვითარებაა ამ მხრივ, ეს მათი პრობლემაა" - უთხრა "რეზონანსს" კრაწაშვილმა", - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა